logo
ENG



რაც საერთო თანხმობისთვის იქნება სწორი, ისე ვიმოქმედებთ - ოპოზიციის შეფასებები არჩევნებზე

06 ივნ 202016:56
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური სპექტრი თანხმდება, რომ მთავარი საარჩევნო მიზნის მისაღწევად ერთიანი პოზიცია აუცილებელია. ოპოზიციური ლიდერები აცხადებენ, რომ შეთანხმების მიღწევას შეძლებენ, რადგან მათ უკვე აქვთ გარკვეული პოზიციები ჩამოყალიბებული. თუმცა დეტალები ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. 

"არის მათ შორის ჩემი კანდიდატურაც. რაც საერთო თანხმობისთვის იქნება სწორი, ისე ვიმოქმედებთ. როგორც ჩანს ნაციონალური მოძრაობის განცხადებამ მაინც გაურკვევლობა შემოიტანა, რადგან ეს იყო გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" პოზიციები, რაზეც ისინი საუბრობდნენ. მექნება ყველასთან საუბარი. ყველა რესურსია იმისთვის, რომ შეთანხმება შევძლოთ, რადგან ეს უნდა ხალხს. ჩემი კანდიდატურის წარდგენას გამოვრიცხავ რეგიონში, ეს იქნება თბილისის რომელიმე ოლქი", - აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

პარტია "ლელოში" კი მზადაა თანამშრომლობისთვის, რადგან ამ შემთხვევაში პრიორიტეტად არჩევნების სამართლიანად და გამჭირვალედ ჩატარებას მიიჩნევენ.

"იმისათვის, რომ არჩევნები იყოს თავისუფალ გარემოში და გაყალბება არ მოხდეს, ნებისმიერ პარტიასთან ვითანამშრომლებთ. ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა შეიძლება ზრდიდეს იმას, რომ მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდეს. ასევე მისასალმებელია ბერძენიშვილის განცხადებაც, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მნიშვნელოვანია რომელი პარტია კონკრეტულად რომელ კანდიდატს დაასახელებს", - აცხადებს კახა კოჟორიძე. 

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მთავარია ერთიანობა და ასეთ შემთხვევაში მიზანიც მიღწეული იქნება, მთავარი მიზანი კი ბიძინა ივანიშვილს დაქვემდებარებული ადამიანების შემცირებაა.

"ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოხვდეს პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული, ამიტომ მზად ვართ ყველანაირად ხელი შევუწყოთ დიდი ოპოზიციურ შეთანხმებას. ჩვენი პოზიცია ხელშეწყობაა, არ გვაქვს არანირი კომპლექსი. რაც შეეხება ბერძენიშვილის განცხადებას სხვადასხვა ფორმულასთან დაკავშირებით, კორექტული იქნებოდა ეს მოსაზრებები ბერძენიშვილმა ჯერ გააცნობს კოლეგა ოპოზიციონერებს", - აღნიშნავს ანზორ ბიწაძე.

რაც შეეხება "ერვოპულ საქართველოს", როგორც პარტიაში აღნიშნავენ, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია იქნება ერთიანი, ყველაფერი მარტივად და სწორად წარიმართება. შესაბამისად, აღნიშნული შედეგები არჩევნების პირველივე ტურზე აისახება.

"ოპოზიცია არის მოლაპრაკების რეჟიმში. ჩვენ ვაჯერებთ პოზიციებს, რათა გვქონდეს კოორდინირებული მიდგომა და ივანიშვილს დავუპირისპიროთ ერთი კანდიდატი. ასეთ პირობებში პირველივე ტურში გაირკვევა ივანიშვილის მარცხი და არჩევნების შედეგი", - აცხადებს ოთარ კახიძე. 

შეგახსენებთ, რომ მომავალ კვირას, მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრა იგეგმება. 


close დახურვა