სურსათის გაძვირების შემდეგ, მოქალაქეებს გაზრდილი ფასები სტომატოლოგიურ კლინიკებსა და სილამაზის სალონებში დახვდებათ. მომსახურების ეს სფეროები მუშაობას საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული აკრძალვების შემდეგ განაახლებენ და კომპანიებში წინასწარ იციან, რომ მუშაობის ნებართვისთვის მოთხოვნილი უსაფრთხოების ზომები უდიდეს ხარჯს მოუტანთ.
სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ სტომატოლოგიური მომსახურებაზე ფასები საშუალოდ 20-დან 80-ლარამდე გაიზრდება. ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ფასების მატება მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და წესების შესრულების შემდეგ გარდაუვალი იქნება. ახალი ნორმები კლინიკებს თერმო სკრინინგის აპარატებით მომარაგებას, პერსონალთან ერთად, სპეც ეკიპირებით პაციენტების აღჭურვასა და თითოეული პაციენტის მიღების შემდგომ, სტომატოლოგის კაბინეტის სადეზინფექციო დამუშავებას ავალდებულებს.
სტომატოლოგთა ასოციაციაში ყურადღებას, იმპორტირებული სამკურნალო საშუალებების ფასების ზრდაზეც აკეთებენ, რომლის წარმოებაც ქვეყანაში არ ხდება.
სადეზინფექციო, სამედიცინო საშუალებების სიძვირისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ფასები უკვე დააკორექტირა რამდენიმე კლინიკამ. კლინიკების ნაწილი, პერსონალის დამატების საჭიროების წინაშეც დადგა, რათა საქმიანობა შეფერხების გარეშე აწარმოოს - სტომატოლოგები აქცენტს, სახელმწიფო სუბსიდირების მნიშვნელობაზე აკეთებენ.
ჯანდაცვის სამინისტროს, კლინიკების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით მომარაგებას ურჩევენ დარგის სპეციალისტები - ექსპერტები, საკოორდინაციო საბჭოსგან, სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნასაც მოითხოვენ.
სტომატოლოგიური კლინიკების მსგავსად ფასების ზრდას პროგნოზირებენ სალონებშიც. მათი თქმით, გადასახედია შემუშავებული რეგულაციების ნაწილი. ახალი წესები სალონებში ორმეტრიანი დისტანციის დაცვას, თერმოსკრინინგს, სალონში მხოლოდ 5 ადამიანის ყოფნას გულისხმობს.
სალონების ფედერაცია საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკურ გუნდთან, სამუშაო შეხვედრის მოლოდინშია. სტომატოლოგთა ფედერაციამ კი, მთავრობას სამედიცინო ეკიპირების მომარაგების თხოვნით უკვე მიმართა. ფასები მხოლოდ ასეთ შემთხვევაში არ გაიზრდება. კერძო ბიზნესის, სტომატოლოგიური კლინიკებისა და მომხმარებელთა ბედი, ახლა სწორედ მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომლის პოზიციაც რეგულაციების გამოქვეყნების შემდეგ, უცნობია.