ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეკომენდაციები უნდა დაიცვას ყველამ.
ეკლესიებში წირვა-ლოცვების ჩატარების შესახებ დასმულ კითხვაზე მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა უნდა დარჩეს სახლში და დააფასოს იმ ადამიანების შრომა, ვინც პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან.
„მნიშვნელოვანია, დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს. უნდა დავაფასოთ სხვების შრომა და მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაცია, რაც გაცემულია ჩვენი მხრიდან, დაცული იყოს შესაბამისი ხარისხით", - განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე უცნობია, როგორ ჩატარდება აღდგომის ღამეს წირვა-ლოცვა - როგორც ცნობილი გახდა, ლოცვა ღამის ათ საათზე დაიწყება, თუმცა ამ დროს უკვე ამოქმედებულია კომენდანტის საათი და გაურკვეველია, როგორ დაესწრება მრევლი სააღდგომო ლიტურგიას.