რეპორტიორები საზღვრების გარეშე თბილისის ქუჩებში მასობრივ ძალადობას ეხმაურებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ ეს ქმედებები დაგმონ.
როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლებამ ნათელი უნდა მოჰფინოს ძალადობის ყველა ფაქტს.
"დღეს თბილისში, სულ მცირე ათობით ჟურნალისტი გახდა ულტრამემარჯვენეების თავდასხმის მსხვერპლი, როდესაც ისინი დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ გარეთ გამოვიდნენ. რეპორტიორების საზღვრების გარეშე ვგმობთ ამ მასობრივ თავდასხმას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას ასევე დაგმონ და ნათელი მოჰფინონ ძალადობის ყველა ფაქტს", - წერია განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმისას მედიის 42 წარმომადგენელი დაშავდა.
პრორუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა.
თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა.
პრაიდის კონტრაქციაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები.
აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.