რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პროტესტს აგრძელებენ - ისინი ამ წუთებში აქციებს მართავენ რესპუბლიკურის ეზოში და აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის მინისტრს არ შეხვდებიან მანამ, სანამ "შანტაჟის ენით" საუბარი არ შეწყდება.
მედიკოსები ხვალიდან ყოველდღიურ რეჟიმში აქციებს აანონსებენ, ისინი იმ ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც საავადმყოფოს რეორგანიზაციაა დაგეგმილი. თუ ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ისინი მზად არიან, უწყების ხელმძღვანელს შეხვდნენ.
22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას დაანგრევენ.
პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციამ დამატებით ინფორმაცია გაავრცელა. მათი მტკიცებით, "თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა აშენდება. მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას დაფარავს".
მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით".