logo
ENG



რესპუბლიკურის ექიმების ცნობით, კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა

28 მარ 202312:07
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ინფორმაციით, კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა.

როგორც ექიმები ამბობენ, სამსახურში არ ცხადდება არც გენერალური დირექტორი, რის გამოც შეჩერებულია კლინიკური პროცესი.

პარალელურად, საავადმყოფოს მედპერსონალი აგრძელებს პროტესტს და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

"ჩვენი ინფორმაციით, პრაქტიკულად, კლინიკური დირექტორი იძულებული გახადეს, რომ დაეწერა განცხადება წასვლასთან დაკავშირებით. გენერალური დირექტორი არ ცხადდება სამსახურში და გაჩერებულია კლინიკური პროცესი ამის გამო. მის ყველა მოადგილეს აიძულებენ, რომ დაწეროს განცხადება და ამას ემატება ის, რომ ჰოლდინგის ხელმძღვანელობაც არ ცხადდება სამუშო ადგილზე"- აცხადებს ექიმი გიორგი დუნდუა.

22 მარტს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებასაც მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. თანამშრომლებმა ღია წერილში აღნიშნეს, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და თქვა, რომ დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკა მოეწყობა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი "საავადმყოფოს განახლებას" ითვალისწინებს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ამბობს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში "არასწორი ინფორმაცია და მიზანმიმართული ტყუილები" ვრცელდება. ღარიბაშვილის თქმით, "სახელმწიფოს აქვს კარგი ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო". მისივე თქმით, "არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე".

რამდენიმე დღეა კლინიკის მედპერსონალი საავადმყოფოს შენობაში აქციებს მართავს.


close დახურვა