logo
ENG



რესტორატორთა ასოციაცია მწვანე პასპორტებს გაუქმებას ითხოვს

29 იან 202219:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/29/x7ih62lkb4d8y9l.jpg

საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია მწვანე პასპორტების სისტემის გაუქმებას ითხოვს. ასოციაციის დირექტორი შოთა ბურჯანაძე მწვანე პასპორტს "ფიქციას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო არსებული შეზღუდვები მხოლოდ სარესტორნო ბიზნესს ეხება.

მისივე თქმით, მწვანე პასპორტების არსებობა ვირუსის გავრცელებას ხელს არ უშლის და მთავარი აქცენტები არა პასპორტზე, არამედ მოსახლეობის იმუნიზაციაზე უნდა გაკეთდეს. 

"დღეს 18 ათასი შემთხვევაა და ჩვეულებრივად ყველაფერი გახსნილია, შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ სარესტორნო ბიზნესზე. სარესტორნო ბიზნესის ამ კუთხით გაჩერება და არსებული რეგულაციები რაიმე როლს რომ თამაშობდეს ინფიცირების შეჩერებაში, შეიძლება ითქვას, რომ უფრო უნდა გამკაცრდეს, მაგრამ ყველა დამეთანხმებით, დღეს ფურცელზე დაწერილი შეზღუდვები, თუნდაც შეზღუდვები მწვანე პასპორტთან დაკავშირებით არის მხოლოდ და მხოლოდ ფიქცია. ეს არის ფურცელზე დაწერილი რეალობა, რომელიც არაფრის მაქნისია, გარდა უკუქმედებისა. ამით მხოლოდ ეკონომიკა ჩერდება, ამით კვდება ბიზნესი, იხურება რესტორნები, ამით კარგავენ სამუშაო ადგილებს თანამშრომლები. ჩვენი სფეროდან ძალიან დიდი გადინებაა იმ პროფესიონალების, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იზრდებოდნენ და მხოლოდ ცუდი შედეგები გვაქვს", - განაცხადა ბურჯანაძემ. 

ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ რეალურად დაავადებების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა [ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე] ეპიდემიას ვერ მართავს და მხოლოდ სტატისტიკას ითვლის. 

"დღეს გამყრელიძე და იმნაძე არიან ფიქცია, ისინი არაფერს აკეთებენ. მეორე კლასელსაც შეუძლია ისევე მართოს ეპიდემია, როგორც ესენი მართავენ. დღეს მართვის ბერკეტი არ არსებობს, მართვა არის მხოლოდ შედეგები, რომლებსაც ვითვლით. სტატისტიკისთვის არიან მხოლოდ გამყრელიძე და იმნაძე. ერთადერთი მართვა აქვთ, რომელიც რესტორნების შეზღუდვას გულისხმობს, რომელიც არაფრის შემჩერებელია. ეს რომ იყოს რაიმე შემაკავებელი ბერკეტი ინფექციის გავრცელებისთვის, დამატებითი შეზღუდვები უნდა იყოს...

სწორი გადაწყვეტილება იქნება ყველა შეზღუდვის მოხსნა, რადგან არსებული შეზღუდვები არაფრის მომტანია. უნდა დაჩქარდეს იმუნიზაციის პროცესი და მწვანე პასპორტი მოიხსნას", - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ დღეს, მედიაცენტრ მთავარში გამართულ ბრიფინგზე. 

ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?

სრულად ვაქცინირებული (ან) 72 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან) 24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე (ან) კოვიდ გადატანილი


close დახურვა