აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში ნებისმიერ ახალ მშენებლობებზე სრული მორატორიუმი გამოცხადდა.
"ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ბულვარის, ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე", - თქვა რიჟვაძემ.
მან შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ უზრუნველყონ სამართავად ბათუმის ბულვარის მერიისთვის გადაცემა.
"მე ვავალებ ეკონომიკის მინისტრს და, ასევე, ვთხოვ ბათუმის თვითმმართველობას, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, უსწრაფესად უზრუნველყონ ბათუმის ბულვარის სამართავად ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა. ეს ერთხელ და სამუდამოდ კითხვებს გასცემს იმ პასუხებს, რომელიც, შესაძლოა, არსებობდეს ბათუმელებში, შესაძლოა, არსებობდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ბათუმში კარგად იციან, თუ რა კონკრეტული ობიექტი რომელ დროს გასხვისდა, რა დროს არის კონკრეტული ვალდებულებები აღებული და ჩვენ ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ ნებისმიერ შემდგომ სპეკულაციებს და კითხვებს ბათუმის ბულვართან დაკავშირებით", - განაცხადა რიჟვაძემ.
დღეს დილიდან ბათუმის საკრებულოში ხმაური იყო. სხდომაზე ერთერთი სასტუმროსთვის პლაჟის ნაწილის იჯარით გადაცემას განიხილავდნენ. მოქალაქეები ტერიტორიის გადაცემას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ეს საჯარო სივრცის მისაკუთრებაა. აქტივისტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეები საშვების არ ქონის საბაბით, სხდომაზე არ შეუშვეს. რაც შეეხება სასტუმროს პოზიციას, ისინი ამტკიცებენ, რომ მაღალი კლასის ინფრასტრუქტურით ყველა ისარგებლებს და იქ შესვლა არავის შეეზღუდება.