ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი ადასტურებს, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ამის შესახებ სუნაკმა ტვიტერზე დაწერა.
„გაერთიანებული სამეფო დიდებული ქვეყანაა, მაგრამ ახლა ჩვენ ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვართ.
ამიტომ მე მზად ვარ გავხდე კონსერვატიული პარტიის ლიდერი და თქვენი მომდევნო პრემიერმინისტრი.
მე მინდა გამოვასწორო ჩვენი ეკონომიკა, გავაერთიანო ჩვენი პარტია და ჩვენი ქვეყნისთვის შედეგები მოვიტანო“ - განაცხადა რიში სუნაკმა.
ლიდერის არჩევნებში მონაწილეობისთვის კანდიდატს კონსერვატიული პარტიის სულ მცირე 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
BBC-ის ცნობით, რიში სუნაკს, ვინც ჯონსონის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრი, ხოლო პარტიის ლიდერის წინა არჩევნებში ლიზ ტრასის ოპონენტი იყო, ამ დროისთვის კონსერვატიული პარტიის 128 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს.
ყოფილ პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონისადმი მხარდაჭერა კი ამ დროისთვის საჯაროდ 53-მა დეპუტატმა დააფიქსირა.
ბორის ჯონსონს ამ დრომდე არ დაუდასტურებია, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
კანდიდატობის სურვილი საჯაროდ გამოთქვა პენი მორდონტმაც. მას ამ დროისთვის 23 დეპუტატი უჭერს მხარს.
BBC-ის ცნობით, ამ ეტაპზე 357 დეპუტატიდან 204-ის პოზიციაა ცნობილი, ამიტომ შესაძლოა მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალოს.
არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 14:00 საათამდე უნდა მოიპოვონ ხმების საჭირო რაოდენობა, რათა მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ.
თუ ამ დროისთვის საჭირო ხმებს 2-ზე მეტი კანდიდატი მოაგროვებს ის, ვისაც ყველაზე მცირე ოდენობის ხმა ექნება გამოეთიშება ბრძოლას. დარჩენილი 2 კანდიდატს შორის არჩევანს კი კონსერვატიული პარტიის წევრები ონლაინ კენჭისყრით გააკეთებენ. თუ მხოლოდ ერთი კანდიდატი მოაგროვებს 100-ზე მეტ ხმას ბრიტანეთის ახალი პრემიერიც სწორედ ის გახდება.
კენჭისყრის საბოლოო შედეგები და შესაბამისად კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი პარასკევს 28 ოქტომბერს გამოცხადდება.
ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩევნებში მონაწილეობას სავარაუდოდ ყოფილი პრემიერიც მიიღებდა.
მალევე კი გავრცელდა ცნობები, რომ ბორის ჯონსონი კარიბის ზღვიდან სწორედ პარტიის დეპუტატების მხარდაჭერის მოსაპოვებლად და არჩევნებში მონაწილეობისთვის დაბრუნდა.
გამოცემა BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებამდე ბორის ჯონსონმა და რიში სუნაკმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა. ტრასის თქმით, ის პრემიერის როლში საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.
"ვაღიარებ, რომ ამ სიტუაციაში ვერ ვასრულებ მანდატს, რომელზეც კონსერვატიულმა პარტიამ ამირჩია. შესაბამისად ვესაუბრე მის უდიდებულესობა მეფეს და შევატყობინე, რომ მე ვტოვებ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას" - განაცხადა ტრასმა.
ლიზ ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით - 45 დღით იყო პრემიერმინისტრი.
მისი გადადგომის მიზეზი ის ეკონომიკური კრიზისია, რომელშიც ქვეყანა ოპონენტების და კონსერვატიული პარტიის ზოგიერთი წევრის აზრით ტრასის პოლიტიკის გამო აღმოჩნდა.
ლიზ ტრასი კონსერვატიული პარტიის ლიდერად ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ აირჩიეს. მან კონსერვატიული პარტიის არჩევნებისას კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერა დაბალი გადასახადების, ეკონომიკის ზრდის პოლიტიკის შესახებ დაპირებებით მოიპოვა. ტრასმა პარტიის ლიდერის არჩევნებში დაამარცხა რიში სუნაკი და თანამდებობა ოფიციალურად 5 სექტემბრიდან დაიკავა.
ტრასი საკუთარი პარტიის, ოპონენტებისა და ინვესტორებისგან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა საფრთხე, რომ მისი პოლიტიკური გეგმა ქვეყანაში ინფლაციას და ობლიგაციების ბაზრის ჩამოშლას გამოიწვევდა.