logo
ENG



რიში/შაჰინი სახდეპზე: ეს გზავნის სიგნალს, რომ მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს

01 აგვ 202408:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/01/60lxenz3ykaswc8.png

ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

როგორც სენატორების განცხადებაშია აღნიშნული, 95-მილიონიანი დახმარების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გზავნის სიგნალს, რომ შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს.

"ჩვენ მივესალმებით დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ, უცხოელი აგენტების კანონის ამოქმედების საპასუხოდ, რომელიც გამოყენებული იქნება იმ სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა რუსეთისგან 1991 წელს, შეერთებული შტატები იყო დემოკრატიული ძალისხმევისა და რეფორმების ამაყი მხარდამჭერი, მუშაობდა მთავრობასთან ერთად სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად 2008 წელს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიის შემდეგ.

საქართველოს მთავრობას უსაფუძვლოდ სჯეროდა, რომ უარი საკუთარი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე გავლენას არ მოახდენდა მის ურთიერთობაზე შეერთებულ შტატებთან. დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნის სიგნალს, რომ შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს", - წერია განცხადებაში.

სენატორები ამბობენ, რომ ისინი გააგრძელებენ დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც დააკისრებს საქართველოს მთავრობას ანგარიშვალდებულებას და დაეხმარება ქართველ ხალხს თავისი დემოკრატიული გზის გატარებაში.

"მიუხედავად აშშ-ის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილებისა, შეერთებული შტატები რჩება ქართველი ხალხის ტრანსატლანტიკური მისწრაფების ერთგული. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ასახავს კონგრესში, ჩვენი კანონმდებლობის ერთ-ერთი დებულებისადმი ორპარტიულ მხარდაჭერას - "ქართველი ხალხის აქტს", რომელიც მოითხოვს საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების გადახედვას.

ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტში გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც დააკისრებს საქართველოს მთავრობას ანგარიშვალდებულებას და დაეხმარება ქართველ ხალხს თავისი დემოკრატიული გზის გატარებაში. შეერთებული შტატები მზადაა განაახლოს ურთიერთობები, მას შემდეგ რაც მთავრობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის ერთგულებას ჩვენი საერთო მიზნების მიმართ", - ნათქვამია წერილში.

აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ის პირდაპირ დახმარებას აჩერებს


close დახურვა