დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეარჩიეს დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადა ჩაატარებს აცრებს მედპერსონალისთვის. იგი, ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება და განმარტავს მედპერსონალის აცრის პროცედურას:
- "თითოეული ბრიგადა შედგება 3 ადამიანისგან - ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას, სპეციალურად შემუშავებული კითხვარით და ასევე, რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში შეაქვს შემდგომ პიროვნების მონაცემები;
- თითოეული ბრიგადისთვის გათვლილია, რომ უნდა აიცრას 40-42 ადამიანი, შესაბამისად, დღის განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ აიცრება 1 000-მდე ადამიანი ამ 40 ბრიგადის მიერ და ამ 14 000 ადამიანის აცრას, 1 აცრას, დაახლოებით ვანგარიშობთ, დასჭირდება 2 კვირა;
- 3 კვირის შემდეგ, კიდევ, თითოეული ადამიანი დაბარებული იქნება - როგორც შეხსენება მიუვა SMS-ით, ასევე მიეცემა სპეციალური ფორმა, რომ 3 კვირის შემდეგ ისევ უნდა მოვიდეს და ვაქცინის მე-2 დოზა გაიკეთოს;
- გაგრძელდება, პირველ რიგში, ისევ პრიორიტეტული პირველი ჯგუფის - სამედიცინო პერსონალის აცრა;
- ამას უკვე მოჰყვება მოხუცთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი;
- შემდეგ უკვე ასაკობრივი გრადაციაა - 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და ა.შ".
გამყრელიძის თქმითვე, თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოში ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 29 250 დოზა ჩამოვა, რაც მხოლოდ 14 000 ადამიანს ეყოფა. გამყრელიძე განმარტავს, რომ კოვიდინფექციის დადასტურებიდან მხოლოდ 3 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი კოვიდვაქცინის გაკეთება, რასაც მედპერსონალის პრიორიტეტიზაციისას გამოიყენებენ.
"მონაცემთა ბაზა შედარდება კოვიდინფიცირებულთა მონაცემთა ბაზასთან და ვისაც გასული წლის განმავლობაში დადასტურებული ჰქონდა კოვიდინფექცია.
მინისტრის ბრძანება გულისხმობს, რომ კოვიინფექციის დადასტურებიდან 3 თვის შემდეგ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანების აცრა. კოვიდინფექცია არ წარმოადგენს წინააღმდეგ ჩვენებას აცრის, მაგრამ მწვავე ან ქვემწვავე პერიოდში, ანუ გადატანის შემდგომ დავთქვით, რომ 3 თვის განმავლობაში ნუ ავცრით ამ ადამიანებს. აქედან გამომდინარე ეს ადამიანებიც გამოაკლდება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.