რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს დღეს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმაც მიმართა. ის აქციაზე ლიეტუვის, ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან ერთად იმყოფებოდა.
მიხაილ როთმა მიმართა ქართული ოცნების ამომრჩევლებს, მოუსმინონ ახალგაზრდა თაობას, თავის შვილებს და ასევე, მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს კანონი და დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
"თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია და ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და თქვენ ჩვენგან მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერაზე მეტს შეგიძლიათ ელოდოთ.
დღეს ერთ-ერთი აქტივისტი და ერთ-ერთი ჟურნალისტი გვეკითხებოდა ჩვენ - რა უნდა ვუთხრათ "ქართული კოშმარის" ამომრჩევლებსო? ჩემი გზავნილი და პასუხი ძალიან მარტივია - გთხოვთ, ძვირფასო ქართველებო, "ქართული კოშმარის" ამომრჩევლებო მოუსმინეთ ახალგაზრდა თაობას, მოუსმინეთ თქვენ შვილებს, მოუსმინეთ თქვენს ძმებსა და დებს.
მე ვიცი, თქვენი გული სავსეა ბრაზით, მაგრამ გთხოვთ, მინდა მოვიხმო მიშელ ობამა [მისი სიტყვები] - "როცა ისინი ფსკერზე ეცემიან, ჩვენ ამაზე მაღლა ვდგებით". არ დაუჯეროთ ამ ტყუილებს, ამ კონსპირაციულ თეორიებს. ჩვენ არ ვართ რადიკალები, თქვენ არ ხართ რადიკალები, თქვენ ხართ ევროპული მეინსტრიმი, რადგან თქვენ იბრძვით იმისთვის, რასაც სინამდვილეში ევროპა წარმოადგენს - დემოკრატია, დამოუკიდებლობა, თავისუფლება, კანონის უზენაესობა.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა შევხვედროდით თქვენი მთავრობის წარმომადგენლებს. ჩვენ არ ვართ აქ მხოლოდ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოგიცხადოთ. ჩვენ აქ ვართ იმისთვისაც, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. და ჩვენი გზავნილი მთავრობისა და მმართველი პარტიისადმი ძალიან მარტივია - შეაჩერეთ ეს კანონი! დაუბრუნდით ევროპას!
ჩვენ აქ ვართ, ჩვენ წარმოვადგენთ განსხვავებულ პარტიებს, განსხვავებულ თაობებს, განსხვავებულ გამოცდილებებს, განსხვავებულ მრწამსს, მაგრამ ჩვენ ვართ ყველანი გაერთიანებულები, როგორც ქართველი ხალხის მეგობრები და მოკავშირეები. და ეს არის ის, რის გამოც მინდა გთხოვოთ - არ დანებდეთ! გჯეროდეთ თქვენი აზრების სიძლიერის, რადგან სხვა ამაყი პროევროპულები წარსულში კედლებს ანგრევდნენ, სიძულვილსა და ბრაზს ამარცხებდნენ, რადგან სჯეროდათ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის. ყველა ჩვენგანისთვის ევროპაში თქვენ შთამაგონებელი მისაბაძი მაგალითი ხართ. გთხოვთ, იყავით ძლიერები, იყავით ფრთხილად. მადლობა თითოეულ თქვენგანს, მე ამაყი ვარ თქვენით", - განაცხადა მიხაილ როთმა.
რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დღეს საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ასევე ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი და ჩეხეთის, ფინეთისა და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელები მივიდნენ.
ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა საქართველოში ვიზიტის შესახებ 7 მაისს განაცხადა.
მოგვიანებით, 10 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვეს, რაზეც მან უთხრა პარტნიორებს, რომ "არ იყო კარგი დრო".
14 მაისს მაიკლ როთმა ქართული ოცნების ოფისში შეხვედრიდან მოკლე ვიდეო გაავრცელა და დაწერა, რომ საქართველოს მთავრობამ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა და ისინი მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მიიღო.