logo
ENG



რომის პაპმა სააღდგომო მესა წმინდა პეტრეს ცარიელ ბაზილიკაში ჩაატარა

12 აპრ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

„იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვილის დროს“ - ეს სიტყვები რომის პაპის სააღდგომო ქადაგების მთავარი გზავნილია. პაპმა ფრანცისკემ ქრისტიანული კალენდრის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო მესა წმინდა პეტრეს ცარიელ ბაზილიკაში ჩაატარა.

ღვთისმსახურებას, რომელსაც ყოველწლიურად 10 ათასამდე მორწმუნე ესწრებოდა, კორონავირუსის პანდემიის გამო ამჯერად მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ადევნებდა თვალს

 

 

პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების გამო მრევლისთვის დახურულია იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარიც. საზეიმო ღვთისმსახურებას სასულიერო პირები წმინდა მიწაზეც ცარიელ ტაძრებში აღავლენენ.

ისტორიაში პირველად, სპეციალური სააღდგომო აუდიომიმართვა გაავრცელა ბრიტანეთის დედოფალმა. 93 წლის მონარქმა მოსახლეობას სოციალური დისტანცირების ზომების დაცვის მნიშვნელობა შეახსენა.

მედიკოსებს მადლობა გადაუხადა ბორის ჯონსონმაც. ინტენსიური ტერაპიის განყოფილების დატოვების შემდეგ გავრცელებულ პირველ განცხადებაში პრემიერი ამბობს, რომ ჯანდაცვის მუშაკების წინაშე სიცოცხლითაა დავალებული.

მოსახლოებას მიმართა გერმანიის პრეზიდენტმაც. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა გერმანელებს ტელეეთერით მოუწოდა, რომ სოლიდარობა გამოხატონ და აღდგომის დღესასწაულზე მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

საგანგებო მიმართვა ამზადებს საფრანგეთის ლიდერიც. ემანუელ მაკრონის სიტყვით გამოსვლა ხვალისთვის არის დაგეგმილი. გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ქვეყანაში კარანტინის რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადებს. მაკრონი გუშინ მოულოდენლად იმ უბანს ესტუმრა, სადაც ძირითადად ემიგრანტები ცხოვრობენ. მოქალაქეები მას ოვაციით შეხვდნენ.

შეერთებული შტატების ყველა რეგიონი უბედურების ზონადაა გამოცხადებული. ბოლო შტატი, სადაც ეს რეჟიმი ამოქმედდა, უაიომინგი გახდა. შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა მონაცემებით უკვე იტალიასაც გაუსწრო. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 20 ათას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 


close დახურვა