logo
ENG



როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, ივანიშვილი ტიკ-ტოკში ბერასთან ერთად ვიდეოებს იღებს

22 აპრ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ხალხის წინაშე ცეკვა-თამაშით გამოჩნდა. საზოგადოება ახლა იმის გამოცნობას ცდილობს, რატომ დასცინა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უმძიმეს კრიზისში მყოფ მოქალაქეებს. როცა ქვეყანა პანდემიას და ეკონომიკურ პრობლემებს ებრძვის, ბიძინა ივანიშვილი თინეიჯერებისთვის პოპულარულ სოციალურ ქსელში ბერასთან ერთად ტიკ-ტოკობს

ხელისუფლების ოპონენტებს ეს მმართველობის ოლიგარქიულ და საბჭოურ სტილს ახსენებს, - სანახაობა პურის ნაცვლად. ბიძინა ივანიშვილის გუნდმა კი დღეს საპარლამენტო ტრიბუნა არა ანტიკრიზისული გეგმის წარმოსადგენად, არამედ არაფორმალური მმართველის ქებისთვის გამოიყენა და მოსახლეობას განუმარტა, რომ პარტიის თავმჯდომარემ სანახაობის გარდა პური, ანუ 100 მილიონი ლარიც გაიღო.

ცეკვა, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ისწავლა, ტიკ-ტოკის ტრენდია. ვიდეო ბერამ გადაიღო და დაპოსტა. ორთვიანი გაუჩინარების შემდეგ , ივანიშვილის ამ დროს და ამ ფორმით გამოჩენამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა. 

ივანიშვილის ვიდეოს განიხილავდნენ სოციალურ ქსელშიც. შეიქმნა იუმორისტული „მიმები“. არც ინტერნეტის რეაქციებმა დააყოვნა და ბერასა და ბიძინას ცეკვას სხვადასხვა მელოდია მოარგეს. ჩაწერეს ვიდეოდუეტებიც. თბილისის მერმა ყველას დაასწრო და თავისი პირველი ემოცია ფეისბუქზე გაგვიზიარა. 

სად არის ივანიშვილი? - ეს კითხვა ტიკ-ტოკის ვიდეოს შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა. თავდაპირველი ინფორმაციით, ის აბასთუმანში, საკუთარ რეზიდენციაში იმყოფებოდა. ივანიშვილის მეზობლები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მეორე ვერსიით, ივანიშვილი ოჯახთან ერთად შეკვეთილში იმყოფება. 

პური არა არის, მაგრამ არის სანახაობა - ასე გააკრიტიკეს ივანიშვილის ვიდეო ოპოზიციაში. მათი შეფასებით, ქვეყნის არაფორმალური მმართველი პოსტსაბჭოთა ოლიგარქების მეთოდს იყენებს და მძიმე სოციალური პრობლემების პირისპირ დარჩენილ ხალხს დასცინის. 

პარტიის თავმჯდომარის დაცვა ოცნების დეპუტატებმა საკუთარ თავზე აიღეს. მათ პარლამენტის ტრიბუნიდან ივანიშვილი შეაქეს და ოპონენტებს კოვიდ-19-ის ფონდში მისი ჩარიცხული 100 მილიონი შეახსენეს. 

უკვე ერთი თვეა ქვეყანა საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს და დამატებით კიდევ ერთი თვე მოუწევს მკაცრი შეზღუდვების ფონზე ცხოვრება. ადამიანები სამსახურსა და შემოსავალს კარგავენ, მძიმდება სოციალური ფონი. ივანიშვილი ტრადიციას არ ღალატობს და დუმილს აგრძელებს, ტიკ-ტოკის 14-წამიანი ვიდეო კი უკვე 30 000 ადამიანმა ნახა. 


close დახურვა