logo
ENG



რურუა მოსამართლეს: ეს სისტემა არის ძველი და თქვენ ამ სისტემის ნაწილი ხართ

01 ივნ 202017:11
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში  „მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობდა  დღევანდელი სხდომა ბრალდებულის სიტყვით დაიწყო. რურუამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და რეალურად, იარაღი არ ჰქონია.

რურუას სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია, მოსამართლემ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ერთ-ერთი შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვას ეხებოდა. დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ საქმეს დაერთოს სატელეფონო ანძების ჩანაწერები, სადაც გამოჩნდებოდა, იმყოფებოდა თუ არა გამომძიებელი, გიგა დარსაველიძე შემთხვევის ადგილზე. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი რურუას დაკავებისა და ჩხრეკის პროცესში სწორედ დარსაველიძე იყო.  დაცვის მხარეს აქვს ეჭვი, რომ ის არ იმყოფებოდა ვაკის სასაფლაოზე და საქმის დოკუმენტები არის გაყალბებული. მოსამართლის თქმით, ბრალდების არგუმენტები მანამ უნდა დაეყენებინა დაცვის მხარეს,  სანამ საქმის განხილვა დაიწყებოდა. თუმცა როგორც დაცვის მხარე აცხადებს, გამომძიებელი გიგა დარსაველიძე მანამდე თვალით არ უნახავს და ბრალდებულმა დარსაველიძე მხოლოდ პროცესზე გამოცხადების შემდეგ ნახა.

რურუამ პროცესზე კიდევ ერთხელ მიმართა მოსამართლეს, როგორც რურუამ განაცხადა, სასამართლო არის დაჭაობებული და მოსამართლე ხელს უშლის დაცვის მხარეს დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.

„გასაგებია რომ ჩიხშია მართლმსაჯულება. სამწუხაროა, რომ მართლმსაჯულება და სასამართლო ბრალდების მხარე ახლა არის ერთი ჩემ წინააღმდეგ. იარაღი ჩამიდეს და დარწმუნებული ვარ რომ თქვენ გულში იცით რომ ეს ესეა.... ეს სისტემა არის ძველი, დაჭაობებული და თქვენ ამ სისტემის ნაწილი ხართ და ვერ მიდიხართ ამ სისტემის წინააღმდეგ და მე ვეთანხმები დაცვის მხარეს და აცილებას გაძლევთ“, - განაცხადა რურუამ სასამართლო პროცესზე.

რურუას საქმის მოსამართლე, ვალერიან ბუგიანიშვილი 5 სათის განმავლობაში უსმენდა ბრალდების მხარის მოწმეებს. ერთ-ერთი იყო გამომძიებელი ზურაბ ბერუაშვილი, რომელმაც თავად აღნიშნა რომ საკუთარი სურვილით ჩაერთო საგამოძიებო პროცესებში. მისი თქმით, დაკავების ოქმი მისმა კოლეგამ პოლიციის სამმართველოსთან შეადგინა, რადგან მისი თქმით, ვაკის სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც რურუა დააკავეს, იყო ხშირი მოძრაობა და ამან გამომძიებელს ხელი შეუშალა. ასევე მოწმის თქმით რურუას ავტომობილის ჩხრეკა მოსამართლის განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობის გამო მოხდა და ამაში სამართლადარღვევა არ ყოფილა.

რურუას მომდევნო პროცესი ოთხშაბათს, 1 ივნისაა ჩანიშნული, სასამართლო ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს, ერთ-ერთი მოწმე  გამომძიებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. სასამართლო რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

ასევეე შეგახსენებთ რომ, 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დადებულ ხელშეკრულებით, ხელისუფლება და  ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე საარჩევნო სისტემით ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ საპატიმროდან „მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ნაკისრი ვალდებულების შერულებისკენ საქართველოს ხელისუფლებას ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებიც მოუწოდებენ.

 


close დახურვა