logo
ENG



რუსები უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც აზოტის ქარხანას იცავენ, დანებებისკენ მოუწოდებენ

14 ივნ 202218:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/14/fu8110c4up59sc4.jpg

ლუჰანსკის ოლქში ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება. ოლქის სამხედრო ხელმძღვანელის, სერჰი გაიდაის თქმით, სევეროდონეცკში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. 

13 ივნისს რუსი სამხედროები ქალაქის ცენტრისკენ წავიდნენ და გაანადგურეს 3 ხიდი, რომელიც სევეროდონეცკს ლისიჩანსკთან აკავშირებდა. 

რუსები რეგულარულად ბომბავენ აზოტის ქარხანას, რომელსაც უკრაინელი სამხედროები იცავენ. ქარხანას თავს, ამ დროის ინფორმაციით, სევეროდონეცკის 560 მცხოვრები აფარებს. 

რუსეთი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროების დანებების შემთხვევაში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნის და ხალხს ლუჰანსკის საოკუპაციო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქალაქ სვატოვოში გადაიყვანს. 

უკრაინული მხარე ხალხის გადაყვანას კიევის მიერ კონტროლირებად ლისიჩანსკში მოითხოვს. პასუხად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხიდების განადგურება უკრაინელებს დააბრალა და თქვა, რომ ლისიჩანსკში ევაკუაცია შეუძლებელია. 

სევეროდონეცკის მერის, ალექსანდრ სტრიუკის თქმით, ქალაქი ჯერაც არ არის სრულად მოწყვეტილი დანარჩენ უკრაინას. "კომუნიკაცია რთულია, მაგრამ შესაძლებელი". - ამბობს ის. 

სევეროდონეცკს რუსებმა მას შემდეგ შეუტიეს, რაც მარიოუპოლში, აზოვსტალში უკრაინელი სამხედროები ტყვედ ჩაბარდნენ, ვინაიდან ბრძოლის გაგრძელება შეუძლებელი იყო, ბლოკადის სამხედრო გზით მოხსნა კი შეუძლებელი. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საბრძოლო მოქმედებები 100 დღეზე მეტია, გრძელდება. აგრესორი ქვეყანა თავდაპირველად უკრაინის მრავალ ქალაქს ერთდროულად უტევდა, თუმცა, რუსებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ახლა ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს. 

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა უკრაინას მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. შეწყდა ვაჭრობა და ფრენები. ქვეყანა დატოვა ასობით დასავლურმა ბრენდმა. 

ომის შედეგად ლტოლვილად იქცა 12 მილიონზე მეტი უკრაინელი მოქალაქე. დაიღუპა ასეულობით ადამიანი, მათ შორის, 287 ბავშვი.  


close დახურვა