ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქის ქალაქ ზმიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
"დღეს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ერთი სარაკეტო შეტევა ჩუგუევის რაიონში, ქალაქ ზმიევში განხორციელდა. რაკეტა სამედიცინო დაწესებულების მიმდებარედ მოხვდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.
ერთ-ერთი რაკეტა ორსართულიან შენობას მოხვდა. ხანძარი გაუჩნდა მიმდებარე ავტოსამრეცხაოს, დაზიანდა კაფეები, მაღაზიები, მანქანები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის," - თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.