რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი ზურაბ აბაშიძე აღარ იქნება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.
კობახიძის თქმით, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება აბაშიძემ თავად მიიღო. მისივე თქმით, აბაშიძე დღეიდან პრემიერმინისტრის მრჩეველი იქნება.
ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ახალი მრჩეველი გიორგი ქაჯაია იქნება.
"ბატონი ზურაბ აბაშიძე - მან თავად მიიღო გადაწყვეტილება მისი თანამდებობის დატოვების თაობაზე. ის წლების მანძილზე იყო პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ამ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით, სერიოზული მიღწევები გვქონდა ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით მისი ძალისხმევით, მონაწილეობით და ჩართულობით. მინდა მადლობა გადავუხადო მრავალწლიანი სამსახურისთვის სახელმწიფოს წინაშე და მინდა წარმატება ვუსურვო უკვე ახალ თანამდებობაზე. ბატონი ზურაბ აბაშიძე დაიკავებს პრემიერმინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე.
რაც შეეხება პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ამ თანამდებობას დაიკავებს ბატონი გიორგი ქაჯაია, რომელიც წლების მანძილზე იყო შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი. დღეიდან ის უკვე იქნება პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.