რუსეთი მარიუპოლში, აზოვსტალში მყოფ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს და ამისთვის დროს მოსკოვის დროით 14:00-დან 16:00 საათამდე აძლევს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი იარაღის დაყრას კომბინატში შექმნილი "კატასტროფული მდგომარეობის და წმინდა ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამომდინარე" მოითხოვს.
რუსული მხარე ირწმუნება, რომ ყველას, ვინც იარაღს დაყრის, სიცოცხლე შეუნარჩუნდება.
განცხადებაში ნათქვამია, 13:00 საათიდან უნდა გამოცხადდეს "დუმილის რეჟიმი", რისი ნიშანიც იქნება ორივე მხრიდან დროშების აღმართვა. სამინისტრო წერს, რომ რუსული მხარე აწევს წითელ დროშებს, აზოვსტალის მთელ ტერიტორიაზე კი უკრაინულმა მხარემ თეთრი დროშა უნდა აღმართოს.
რუსეთმა ალყაში მყოფ მარიუპოლში უკრაინელ ჯარისკაცებს დანებება 17 აპრილსაც მოსთხოვა და დრო 13:00 საათამდე მისცა.
ქალაქი მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია.
რუსი ჯარისკაცები ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. მათი ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა, 100 ათასამდე მოქალაქე კვლავ ქალაქში რჩება. ისინი სარდაფებში უწყლობით და შიმშილით იხოცებიან. რუსი ჯარისკაცები მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების მანქანებს არ უშვებენ.