რუსული კანონის წინააღმდეგ საქართველოში გამართული მარტის აქციების უკან რუსეთი საქართველოს ხელისუფლების "პრაგმატული" კურსით უკმაყოფილო დასავლეთს ხედავს. რუსული სახელისუფლებო მედიის, TASS-ის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ისაუბრა.
გალუზინის განცხადებით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური კონტაქტების არარსებობისა და დასავლეთის მხრიდან საქართველოზე "ზეწოლის" მცდელობების მიუხედავად, რუსულ და ქართულ მხარეებს შორის ურთიერთობა "უპირველეს ყოვლისა, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში ვითარდება".
"მარტის პროტესტში ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული კურსით უკმაყოფილო დასავლეთის მისწრაფებას, რესპუბლიკაში ვითარება შეარყიოს, დაარწმუნოს მისი ლიდერობა, რომ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი უკრაინას და რუსეთთან კავშირები გაწყვიტოს", - განაცხადა მან.
მეტიც, გალუზინი ამტკიცებს, რომ რუსეთის რწმენით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების "შემდგომი ნორმალიზაცია, გაერთიანებული საერთო ისტორიითა და კულტურით, სრულად აკმაყოფილებს ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს".
ბოლო თვეების განმავლობაში ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ მოიწონა ქართული ოცნების პოზიცია - მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ ქება დაიმსახურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისგან. ლავროვმა 2 თებერვალს თქვა, რომ "საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლას ნაციონალური ინტერესებით პასუხობს". სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობა 18 იანვარსაც შეაქო იმის გამო, რომ ის "დასავლეთის ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს".
***
მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც. თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.