რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი ნავთობს აღარ მიაწვდის იმ ქვეყნებს, რომლებმაც ფასის ზედა ზღვარი დაუწესეს.
განკარგულება კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. რუსეთის თქმით, ეს პასუხია აშშ-ის და სხვა ქვეყნების “იმ ქმედებებზე, რომლებიც არამეგობრულია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს”.
“რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება უცხო კომპანიებისა და ინდივიდებისთვის აიკრძალა იმ შემთხვევაში, თუ ამ პროდუქტებთან დაკავშირებულ კონტრაქტებში მაქსიმალური ფასის დაწესების მექანიზმი პირდაპირ ან ირიბადაა წარმოდგენილი.
დაწესებული აკრძალვა ეხება საბოლოო მყიდველისთვის მიწოდების ყველა საფეხურს” - წერია განკარგულებაში.
რუსეთის ცნობით, განკარგულება ძალაში 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან შევა და 1-ლ ივლისამდე იმოქმედებს.
დიდმა შვიდეულმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ რუსეთს უკრაინაში ომის გამო ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი, 1 ბარელზე 60 დოლარი დაუწესეს. გადაწყვეტილება ძალაში 5 დეკემბერს შევიდა.
ფასის ზედა ზღვრის დაწესების მიზანი რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დაფინანსების წყაროების ხელის შეშლაა.
რუსეთი საუდის არაბეთის შემდეგ ნავთობის უდიდესი ექსპორტიორია და მის გაყიდვებში შეფერხებებს მსოფლიოს ენერგორესურსების მიწოდების კუთხით დიდი გავლენა ექნება.
თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ფასის ზედა ზღვარს არ ექნება მყისიერი გავლენა ნავთობიდან მიღებულ შემოსავალზე, რომელსაც რუსეთი ახლა გამოიმუშავებს.
რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ 2023 წელს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი, შესაძლოა, განსაზღვრულზე მეტი იყოს - მშპ-ის 2%-ს აღემატებოდეს, რისი მიზეზიც ნავთობის ფასზე შეზღუდვა და უკრაინაში “სამხედრო ოპერაციის” დამატებითი ფინანსური ტვირთი იქნება.
რუსეთი რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ ნავთობის ფასის ზედა ზღვარს მათგან რეაგირება მოჰყვებოდა.
დიდი შვიდეულის მიერ დაწესებული ზედა ზღვარი ევროკავშირის მიღმა ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს რუსეთის ნავთობი შეიძინონ, თუმცა იკრძალება ნავთობის ზღვით გადატანა და დაზღვევა თუ ის დაწესებულზე დაბალ ფასად არ გაიყიდება.
ევროკავშირის ქვეყნებმა დამატებით დააწესეს ემბარგო, რომელიც მათ ზღვით გადატანილი რუსული ნავთობის შეძენას უზღუდავს.
ურალში მოპოვებული რუსული ნავთობის ფასი 27 დეკემბერს 1 ბარელზე 56 დოლარი იყო, რაც დაწესებული ზღვრის, 60 დოლარის ქვემოთაა.