logo
ENG



რუსეთი ტატარსკის მკვლელობას უკრაინის სპეცსამსახურებსა და ნავალნის მხარდამჭერებს აბრალებს

03 აპრ 202317:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/03/sf8oklrexe3t9df.jpg

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ტატარსკის მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა და რუსი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა დაგეგმეს.

"2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში ცნობილი ჟურნალისტი ვლადლენ ტატარსკის მიმართ ჩადენილი ტერორისტული აქტი დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ, იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებიც თანამშრომლობენ ნავალნის ე.წ. კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან, რომლის აქტიური მხარდამჭერიცაა დარია ტრეპოვა", – აცხადებს რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი.

გუშინ, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში აფეთქების შედეგად რუსეთის პროპაგანდისტი, მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა. ტატარსკი აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის ომს უკრაინაში.

"ფონტანკას" ცნობით, თვითმხილველებმა გამოცემის კორესპონდენტს განუცხადეს, რომ აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ქალმა ვლადლენ ტატარსკის ყუთით საჩუქარი გადასცა.

დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარი აფეთქების საქმეზე დარია ტრეპოვა დააკავა. ტრეპოვას ბრალად ედება სანქტ-პეტერბურგის კაფეში მომხდარი აფეთქება, რომლის დროსაც რუსი პროპაგანდისტი და უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის მომხრე ბლოგერი, ვლადლენ ტატარსკი დაიღუპა, ხოლო 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.


close დახურვა