რუსული სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედია TASS ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ხერსონში უკრაინის მხრიდან დაბომბვის შედეგად კახოვკას ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა.
მედიის ცნობით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წყალსაცავს უკრაინისთვის გადაცემული ამერიკული HIMARS-დან გაშვებული რაკეტა მოხვდა და დაზიანდა. უწყების წარმომადგენლის თქმით, ეს უკრაინის მხრიდან “ჰუმანიტარული კატასტროფისთვის პირობების შექმნის მცდელობაა”.
რუსეთს ჰიდროელექტროსადგურის დაზიანებების ამსახველი მასალა არ გაუვრცელებია.
კახოვკას ელექტროსადგური და წყალსაცავი მდინარე დნიპროზე, ხერსონში მდებარეობს. უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს კახოვკას სადგურზე თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებენ, რაც ორივე მხარე აცხადებს, რომ დატბორვას და ქალაქი ხერსონის გარშემო ნგრევას გამოიწვევს.
ხერსონში ადგილობრივი მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროსა და რუსეთში ევაკუაცია 18 ოქტომბერს დაიწყო. რუსეთმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის ჯარმა რეგიონზე კონტრშეტევა დაიწყო, რითაც, მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხე შეექმნა.
მანამდე უკრაინაში რუსეთის ე.წ "სამხედრო ოპერაციის" ახალმა მეთაურმა სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ხერსონში რთული მდგომარეობაა და შესაძლოა, "რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწიოთ".
მოსახლეობის გარდა მარჯვენა სანაპიროს ტოვებს რუსეთის მიერ ხერსონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციაც და რეგიონის მარცხენა სანაპიროზე გადადის. ხერსონის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ სალდოს თქმით, „ეს ორგანიზებული გადაყვანაა“, რომელიც ათასობით ადამიანს შეეხება.
„ჩვენი გამოთვლებით ვგეგმავთ 50-60 ათასი ადამიანის გადაყვანას მარცხენა სანაპიროზე და დამატებით, ვისაც სურს რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში“ - განაცხადა ვლადიმირ სალდომ.
ვლადიმირ სალდოს ცნობით, მოსახლეობის გამოყვანის მიზეზი დატბორვის საფრთხეებია, რისი საშიშროებაც უკრაინის მხრიდან კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად შეიძლება დადგეს.
უკრაინის მხრიდან მიკოლაევის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ხერსონში რუსეთის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ხერსონიდან ევაკუაციის მიზეზი ისაა, რომ რუსები თავად აპირებენ ოკუპირებულ ხერსონზე თავდასხმას.
20 ოქტომბერს კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა ხერსონში მდებარე კახოვკას ჰიდროელექტროსადგური დანაღმეს და მასზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავენ.
ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, მიიღონ პრევენციული ზომები და ოკუპანტებს ცხადად უთხრან, რომ ამგვარი ტერაქტი მასობრივი ნგრევის იარაღის გამოყენებას გაუტოლდება, რასაც რუსეთისთვის "შესაბამისი შედეგები მოჰყვება".
22 ოქტომბერს რუსეთის მიერ ხერსონის რეგიონში დანიშნული ე.წ ადმინისტრაციის წარმომადგენელმ, ვლადიმერ ლეონტეივმა განაცხადა, რომ ხერსონში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის რეზერვუარიდან წყალს უშვებდნენ, რათა სადგურზე თავდასხმის შემთხვევაში შეამცირონ სავარაუდო ზიანი.