logo
ENG



რუსეთის 4-მა ავიაკომპანიამ მოსკოვიდან თბილისში კვირაში 49 ფრენის სურვილი გამოთქვა

11 მაი 202317:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/11/hwi3k62sh3q1kxb.jpg

ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ რუსეთის 4-მა ავიაკომპანიამ მოსკოვიდან თბილისში კვირაში 49 ფრენის სურვილი გამოთქვა.

რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის ყველაზე მეტი ფრენის შესრულება Red Wings-ს უნდა, კვირაში 21 ფრენა. სახელმწიფო ავიაკომპანია აეროფლოტს კვირაში 14 ფრენის შესრულება სურს, Nordwind-ს კვირაში 7-ის, ასევე, კვირაში 7 ფრენის შესრულების სურვილი აქვს ავიაკომპანია Azimuth-ს.

გარდა ამისა, Red Wings სურს, კვირაში 7 ფრენა შეასრულოს სამარადან და ყაზანიდან თბილისის მიმართულებით.

ფორმულა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაუკავშირდა იმის გადასამოწმებლად, მიმართეს თუ არა ავიაკომპანიებმა ფრენის ნებართვისთვის. მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.


close დახურვა