logo
ENG



რუსეთის FSB ვაგნერელებს მოუწოდებს, დააკავონ პრიგოჟინი

24 ივნ 202301:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/on36jz7n8jxdmu6.jpg

რუსეთის უსაფრთხოების სამსახური კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის მებრძოლებს მოუწოდებს, დააკავონ მათი ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. ბიზნესმენი და პუტინთან დაახლოებული პირი ვაგნერის დამფუძნებელია.

"მოვუწოდებთ კერძო სამხედრო კომპანიის მებრძოლებს, არ დაუშვან გამოუსწორებელი შეცდომა, შეწყვიტონ ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება რუსი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულონ პრიგოჟინის კრიმინალური და მოღალატური ბრძანებები და მიიღონ ზომები მის დასაკავებლად" - აღნიშნულია FSB-ს განცხადებაში.

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშუალა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია". 

"ბოროტება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, შეჩერებულ იქნება. ვითხოვ, არავის გაუწიოთ წინააღმდეგობა. ყველა ვინც წინააღმდეგობას გაგვიწევს, ამას საფრთხედ მივიღებთ", - თქვა პრგოჟინმა.

ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საპასუხოდ აცხადებს, რომ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყველა გზავნილი და ვიდეომასალა ვაგნერის ბანაკებზე დარტყმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და "წარმოადგენს ინფორმაციულ პროვოკაციას".

ამასთან, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მოსკოვში და ქალაქ დონის როსტოვში ჯავშანტექნიკა შენიშნეს. მოსკოვში სამხედრო ტექანიკამ სახელმწიფო დუმასთან ჩაიარა. 

პრიგოჟინის განცხადების ფონზე საფონდო ბირჟაზე რუსული კომპანიების აქციების ფასი დაეცა. 

გამოცემა 161.ru-ს წყაროები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და როსგვარდიის მთელი შემადგენლობა მზადყოფნაშია მოყვანილი; გარდა ამისა, ანექსირებული ლუჰანსკისა და დონეცკის საზღვრებთან გაძლიერებულია პოსტები.

BBC-ის მოსკოვის ბიურო წერს, რომ მოსკოვში, დონის როსტოვსა და ბელგოროდში - უსაფრთხოების სპეციალური ზომებია მიღებული. კერძოდ, მოქმედებაში ჩაუშვეს გეგმა "Krepost" [ციხესიმაგრე], ანუ განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ აიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და პენიტენციური სამსახურის მნიშვნელოვანი ობიექტები.

ამ დროისთვის არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ პრიგოჟინს თავისი მებრძოლები სადმე გადაჰყავს. 

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და "რუსული მიწის" დათმობაში ადანაშაულებდა.


close დახურვა