logo
ENG



რუსეთის დუმის სპიკერი ნავალნის დაღუპვაში NATO-ს, აშშ-ს, დასავლეთსა და ზელენსკის ადანაშაულებს

16 თებ 202419:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/16/jxi3tv3praf5du8.jpg

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაღუპვაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, NATO-ს, დასავლეთის ქვეყნებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ადანაშაულებს.

ვოლოდინის თქმით, NATO-ს გენერალური მდივნისთვის, აშშ-ის ხელმძღვანელობისთვის, ოლაფ შოლცისთვისა და რიში სუნაკისთვის, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკისთვის "სარგებლის მომტანია" ალექსეი ნავალნის სიკვდილი. 

"ყველანი, მათი გვარები კარგადაა ცნობილი: NATO-ს გენერალური მდივნიდან დაწყებული და აშშ-ის ხელისუფლებიდან ოლაფ შოლცამდე, რიში სუნაკითა და ვოლოდიმირ ზელენსკით - დამნაშავეები არიან ნავალნის სიკვდილში. სწორედ მათთვის, ვინც მიიღო უამრავი წარუმატებელი გადაწყვეტილება და მიჯაჭვულია თავიანთ თანამდებობაზე, მათთვის სარგებლის მომტანია ნავალნის სიკვდილი", - განაცხადა ვოლოდინმა.

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომ პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.


close დახურვა