ФСБ-მ გამოაცხადა, რომ მან დაადგინა რუსი ჟურნალისტისა და პოლიტოლოგის დარია დუგინას მკვლელობის კიდევ ერთი მონაწილე. უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ ეს არის უკრაინელი ბოგდან ციგანენკო, რომელიც უკრაინელ ნატალია ვოვკს ასაფეთქებელი მოწყობილობის აწყობაში დაეხმარა და ქალს ყალბი დოკუმენტები გადასცა. ФСБ-მ მკვლელობის დამნაშავედ თავდაპირველად ვოვკი დაასახელა.
"დუგინას მკვლელობა ვოვკთან ერთად მოსკოვში მოამზადა უკრაინული დივერსიული და ტერორისტული ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, უკრაინის მოქალაქე ბოგდან პეტროვიჩ ციგანენკომ, დაბადებული 1978 წელს, რომელიც რუსეთში ტრანზიტით ესტონეთის გავლით 2022 წლის 30 ივლისს ჩავიდა. და დატოვა რუსეთის ტერიტორია დუგინას აფეთქებამდე ერთი დღით ადრე." - განაცხადა ФСБ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა (CSP).
დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ ციგანენკომ "ვოვკს მიაწოდა ყალბი მანქანის ნომრები და დოკუმენტები ყაზახეთის რესპუბლიკის რეალური მოქალაქის იულია ზაიკოს სახელით და ვოვკთან ერთად ააწყო თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაქირავებ ავტოფარეხში, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში."
ФСБ-მ ასევე იტყობინება, რომ სათვალთვალო კამერების შესწავლის შედეგების მიხედვით, "დადასტურებულია, რომ დანაშაულის ჩამდენი, უკრაინის მოქალაქე ვოვკ ნატალია პავლოვნა, დაბადებული 1979 წელს, პირადად აკვირდებოდა დუგინას ფესტივალ "ტრადიციაზე" სტუმრების ავტოსადგომზე."
"როცა დარწმუნდა, რომ დუგინამ ფესტივალი დატოვა, ვოვკი მას მინი კუპერის მარკის მანქანით გაჰყვა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა." - განაცხადა ФСБ-მ.
მოსკოვში კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა მანქანაში 20 აგვისტოს, ღამით ააფეთქეს. იმავე მანქანაში თავად დუგინი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ბოლო მომენტში სხვა მანქანაში ჩაჯდა. სავარაუდოდ, სამიზნე სწორედ ის იყო.
დარია დუგინა დაიღუპა.
21 აგვისტოს მის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, რუსეთის "ეროვნული რესპუბლიკური არმიის მებრძოლებმა" აიღეს.
მანამდე რუსმა პროპაგანდისტებმა დუგინას მკვლელობაში უკრაინას დაადანაშაულა, ოფიციალურმა კიევმა კი დუგინას აფეთქებასთან კავშირს უარყო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, ტერორისტული სახელმწიფო არაა, ამასთან, მომხდარი რუსეთის ხელისუფლების შიგნით გავლენებისა და ძალაუფლებისთვის დაპირისპირებებზე მეტყველებს.