logo
ENG



რუსეთის საგარეო: დასავლეთის მცდელობები, საქართველოს მეორე ფრონტი გაახსნევინოს, მიუღებელია

06 აპრ 202308:14
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/06/1o44ybjyh22ye33.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი ამბობს, რომ მიუღებელია დასავლეთის ქვეყნების მცდელობები კონფრონტაცია უკრაინიდან ამიერკავკასიაში გადაიტანონ, კერძოდ თბილისის მიმართ მოწოდებები ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. მეორე ფრონტის გახსნის შესახებ კრემლის პროპაგანდისტული ნარატივი ქართული ოცნების რიტორიკის ნაწილია, რადგან უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, არც ერთი დასავლელი ლიდერი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებით არ გამოსულა, ე.წ. ომში ჩათრევის შესახებ განცხადებები კი მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან ჟღერს.

"ცალკე გაესვა ხაზი დასავლეთის მცდელობების მიუღებლობას, კონფრონტაციის ლოგიკა უკრაინიდან ამიერკავკასიაში გადაიტანონ, რაც თბილისის მიმართ პროვოკაციულ მოწოდებებში გამოიხატება, გახსნან "მეორე ფრონტი" რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ასეთი საშიში განცხადებები მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და იმ ორგანიზაციებისგან, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ", - წერია გალუზინის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე წერია, რომ "ადგილზე არსებული ვითარების განხილვისას დაფიქსირდა სოხუმის, თბილისისა და ცხინვალის განწყობა, რომ განაგრძონ თავშეკავება".

"შედეგად, ვითარება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში შედარებით მშვიდია. სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება. მიუხედავად ჟენევის პლატფორმის მუშაობის პაუზისა, შესაძლებელი იყო დიალოგის შენარჩუნება სხვა პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის ცხელი ხაზით და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, რომელიც ერგნეთში ტარდება", - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კრემლი კვლავ ამბობს, რომ ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება ოფიციალური თბილისის მიერ ძალის გამოყენებაზე უარის პირობითა და ე.წ. საზღვრებთან დემილიტარიზაციითაა შესაძლებელი.


close დახურვა