რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ამერიკული კომერციული თანამგზავრები, რომლებიც, მათი თქმით, უკრაინასთან ომში გამოიყენება, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის კონტროლისა და გაუვრცელებლობის დეპარტამენტის ვიცე დირექტორმა კონსტანტინ ვორონცოვმა გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი კომიტეტის შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საუბარია კოსმოსში დასავლეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის კომერციული ობიექტების უკრაინასთან შეიარაღებულ კონფლიქტში გამოყენებაზე, რომლებიც ვორონცოვის თქმით, რუსეთის მხრიდან თავდასხმის "ლეგიტიმური სამიზნეები" შეიძლება გახდნენ.
„ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ძალიან საშიშ ტრენდს, რომელმაც მკაფიოდ იჩინა თავი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში. ჩვენ ვსაუბრობთ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების მიერ კოსმოსში არსებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის კომპონენტების გამოყენებაზე, მათ შორის კომერციული, შეიარაღებულ კონფლიქტში.
კვაზი- სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შესაძლოა აღმოჩნდეს თავდასხმის ლეგიტიმური მიზეზი საპასუხო დარტყმისთვის. დასავლეთის ქმედებების შედეგად მშვიდობიანი კოსმოსური აქტივობებისადმი წინააღმდეგობით, ისევე როგორც დედამიწაზე მიმდინარე სოციო-ეკონომიკური პროცესების გამო, რომელზეც ადამიანების კეთილდღეობაა დამოკიდებული, უპირველესად განვითარებად ქვეყნებში, გაუმართლებელი რისკების შექმნის გამო“ - განაცხადა ვორონცოვმა.
სავარაუდოდ საუბარია Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ ტერმინალებზე, რომლებიც უკრაინელი სამხედროებისთვის კომუნიკაციის სასიცოცხლო წყაროდ იქცა მაშინ, როცა მობილური ტელეფონი და ინტერნეტ ქსელები ომმა გაანადგურა.