logo
ENG



რუსეთის საგარეოში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარეს

18 აპრ 202317:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/18/lb20taxsho65j6j.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ელჩები დაიბარეს. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დიპლომატები უხეშად ერევიან რუსეთის საშინაო საქმეებში და აწარმოებენ საქმიანობას, რომელიც არ შეესაბამება მათ დიპლომატიურ სტატუსს.

ბრიტანეთის ელჩმა უკვე დატოვა სამინისტროს შენობა. შეხვედრის შემდეგ, მან უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში ნახევარ საათზე ცოტა მეტი დროის განმავლობაში იმყოფებოდა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ აშშ-ის, ბრიტანეთისა და კანადის ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთში უთანხმოებისა და მტრობის გაღვივებას, ყველაზე გადამწყვეტი გზით იქნება ჩახშობილი და დივერსიულ სამუშაოებში ჩართული დიპლომატები ქვეყნიდან იქნებიან გაძევებულები.

ეს განცხადება მარია ზახაროვამ მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსი ოპოზიციონერისა და პუტინის კრიტიკოსის, ვლადიმერ კარა-მურზას წინააღმდეგ განაჩენის გამოცხადებას 25 ქვეყნის 40 დიპლომატი დაესწრო.

რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, კრემლის კრიტიკოსს ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატისა და სხვა ბრალდებებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის კრიტიკას უკავშირდება.

კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზად პოლიციამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსი „პოლიციის ოფიცრების დანახვისას არასათანადოდ იქცეოდა, იცვლიდა გადაადგილების ტრაექტორიას და [პოლიციის მხრიდან] გაჩერების მოთხოვნის შემდეგ მიმალვა სცადა".


close დახურვა