კრასნოდარის ოლქის უსტ-ლაბინსკის რაიონულმა სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი, იგივე შაქრო "მალადოი" ვადაზე ადრე გაათავისუფლა. ის გამოძალვისთვის გაასამართლეს.
შაქრო კალაშოვი, იგივე შაქრო "მალადოი" ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია.
"სასამართლომ დააკმაყოფილა კალაშოვის ზ.კ.-ს მოთხოვნა პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. ამ შუამდგომლობის სასამართლო სხდომა დღეს დახურულ კარს მიღმა გაიმართა", - განუცხადა სასამართლოს წარმომადგენელმა TASS-ს.
როგორც ტელეგრამ არხი 112 წერს, კალაშოვმა ვადაზე ადრე გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვა.
2018 წელს რუსეთში კალაშოვს თითქმის ათი წელი მიუსაჯეს გამოძალვის ორ ეპიზოდისთვის: მოსკოვში რვა მილიონი რუბლის გამოძალვა კაფე Elements-ის მფლობელისგან და 10 მილიონი რუბლის გამოძალვა "ნორდნეფტეგაზის" გენერალური დირექტორისგან.