რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის დედას უარი უთხრა სარჩელზე, რომელიც მისი შვილისთვის არასათანადო სამედიცინო დახმარების გაწევას ეხებოდა.
ქალაქ ლაბიტნანგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლუდმილა ნავალნაიას უფლებები ხარპის კოლონიის თანამშრომლების მხრიდან არ დარღვეულა, ხოლო მოსარჩელე ამ საქმეზე მხოლოდ თვითონ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნი შეიძლება იყოს.
"ალექსეიმ არაერთხელ შეიტანა სარჩელი კოლონიაში სამედიცინო დახმარების არგაწევასთან დაკავშირებით. ახლა ის მოკლედ, მის ახლობლებს კი დამცინავი ფორმულირებებით სარჩელზე უარს ეუბნებიან", - წერს ნავალნის გუნდის წევრი ივან ჟდანოვი.
16 თებერვალს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.
ნავალნი 47 წლის იყო.
რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ოჯახს ცხედარი მხოლოდ 9 დღის შემდეგ გადასცეს.
დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.
2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.
ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.
3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.
აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.