logo
ENG



რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია საქართველოში ავტობუსის ტურების განახლებას განიხილავს

16 მაი 202313:47
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ავიამიმოსვლის აღდგენასთან ერთად ავტობუსის ტურებიც აღდგება. ასეთი მოსაზრება ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა არტურ მურადიანმა გამოთქვა.

"შესაძლებელია პირდაპირი ფრენების პარალელურად განახლდეს ავტობუსების ტურებიც საქართველოში, რადგან ზემო ლარსის საზღვარი ახლა ღიაა", - განაცხადა მან, წერს TASS.

მურადიანმა აღნიშნა, რომ წელიწადში 1 მილიონი ტურისტის რაოდენობა შეიძლება გახდეს რეალური მაჩვენებელი, თუ რუსეთ-საქართველოს შორის საკმარისი რაოდენობის ფრენები გამოჩნდება, კვოტაზე შეზღუდვები მოიხსნება და განვითარდება სატრანზიტო ტურიზმი.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკით, 2022 წელს საქართველოს 880 ათასზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით, რვაჯერ მეტია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან, ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.


close დახურვა