logo
ENG



რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის განლაგება დაიწყო

10 ნოე 202011:30
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის განლაგება დაიწყო. 

ეს სომხეთს, აზერბაიჯანს და რუსეთს შორის გაფორმებული შეთანხმების ნაწილია. 

განლაგდება 1 960 სამხედრო მოსამსახურე, 90 ჯავშანტექნიკა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა.

რა მოხდა

10 ნოემბერს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, შეთანხმებას "განსაკუთრებით მტკივნეული უწოდა როგორც მისთვის, ისე სომეხი ხალხისთვის". 

სომხეთი მთიან ყარაბაღში კაპიტულაცია 6-კვირიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დანებდა. 

რა წერია შეთანხმებაში

შეთანხმებაში, რომელიც მოსკოვის დროით 01:00 საათიდან ამოქმედდა, წერია, რომ აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები აზერბაიჯანის მხარეს დაუბრუნდება 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზისა და ლაჩინის დერეფნის მიმდებარედ განლაგდება რუსეთის ფედერაციის "სამშვიდობო" კონტინგენტი, რომლის შემადგენლობაშიც იქნება 1 960 სამხედრო მოსამსახურე, 90 ჯავშანტექნიკა და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა.

ასევე, მხარეთა შეთანხმების მიხედვით, უზრუნველყოფილი იქნება ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა, რომელიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას დააკავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან".

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას ამბობენ მხარეები

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა მიღწეულ შეთანხმებას ისტორიული მნიშვნელობის უწოდა და თქვა, რომ სომხეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა, რაც აზერბაიჯანის გამარჯვებას ნიშნავს. 

სომხეთის პრეზიდენტის, ნიკოლ ფაშინიანის, თქმით, ომის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო "შექმნილი ვითარების ღრმა ანალიზის და საქმის ექსპერტებთან კონსულტაციების შემდეგ". 

"ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არც დამარცხება იქნება მანამ, სანამ საკუთარ თავს დამარცხებულად არ აღიარებ", - თქვა მან. 

მთიანი ყარბაღის არაღიარებული რესპუბლიკის, არცახის ლიდერმა, არაიკ არუტინიანმა თქვა, რომ შეთანხმებას დათანხმდა მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. 

რა მოხდა შემდეგ

შეთანხმებამ სომეხი მოქალაქეების გაბრაზება გამოიწვია. მათი ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. პროტესტის დროს მათ სომხეთის პარლამენტის სპიკერი, არარატ მირზოიანი, მანქანიდან გადმოათრიეს და სცემეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის დაიღუპა, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა - მას ოპერაცია ჩაუტარდა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთი დატოვა და უკვე სოჭში იმყოფება. 

*** 

2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ორჯერ რუსეთში, მესამედ კი აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეთანხმების ხელშეკრულების მიუხედავად, ომი გრძელდებოდა. 

არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს.


close დახურვა