logo
ENG



რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ ქართველ ქალ მოხალისეს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

12 ივნ 202413:49
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/12/p5xcur8u7oj9lpb.png

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა ქართული ეროვნული ლეგიონის სამხედრო მოსამსახურე ქალს რუსუდან ივანეიშვილს, რომელიც უკრაინაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია Ria Novosty ავრცელებს.

სასამართლოს ელექტრონული ბაზის თანახმად, რუსუდან ივანეიშვილს ბრალად ედება "შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობა". მასალების თანახმად, 11 ივნისს მსგავსი ბრალდებით პატიმრობა დაუსწრებლად კიდევ 3 ადამიანს მიუსაჯეს.

1995 წელს დაბადებული რუსუდან ივანეიშვილი, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტიდანაა, სკოლის დამთავრების შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა, გაიარა სნაიპერული მომზადება გაიარა. რუსული მედიის თანახმად, ის 2016 წელს ავღანეთში NATO-ს ოპერაცია "გადამწყვეტ მხარდაჭერაში" მონაწილეობდა.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ქართველი მოხალისე ცოლ-ქმარი რუსუდან ივანეიშვილი და გელა ბეგლარაშვილი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 26 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლები დააჯილდოვა, მათ შორის იყვნენ გელა ბეგლარიშვილი და რუსუდან ივანეიშვილიც.

პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მებრძოლები დაჯილდოვდნენ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და თავდაუზოგავი ქმედებებისთვის.


close დახურვა