რუსეთს სამხედრო გემების ნაწილი ანექსირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაჰყავს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს პრესსპიკერი, ვადიმ სკიბიცკი ავრცელებს.
სკიბიცკის თქმით, მანამდე რუსეთმა გემები ნოვოროსისკის პორტში გადაიყვანა, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ის რუსეთის სრულ ფლოტს ვერ დაიტევს, ამიტომ კრემლმა ოკუპირებული აფხაზეთის გამოყენება გადაწყვიტა.
"ოკუპანტებმა სამხედრო გემების ნაწილი ყირიმიდან ნოვოროსისკში გადაიყვანეს, მაგრამ იქ არსებული პატარა პორტი ვერ მიიღებს რუსეთის შავი ზღვის მთელ ფლოტს, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა ამ მიზნისთვის გამოიყენოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია", - თქვა მან.
სკიბიცკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ოკუპირებულ ოჩამჩირეში ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
"რუსებმა ჩაატარეს პორტის ნაწილობრივი რეკონსტრუქციული სამუშაოები, ასევე გააღრმავეს ფსკერი, რათა შექმნან ბაზა საკუთარი სამხედრო თვითმფრინავებისთვის. თუმცა ეს არც თუ ისე დიდი ბაზა იქნება", - ამბობს სკიბიცკი.
დაზვერვის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ რუსებმა გაიაზრეს საგრძნობი სამხედრო საფრთხე მას შემდეგ, რაც უკრაინამ ყირიმში სპეცოპერაციების სერია განახორციელა.
"ისინი [რუსები] ხვდებიან რომ ომი ყირიმში გადავიდა. ჩვენი მიზანია ოკუპირებული ყირიმის სრული გათავისუფლება. ამ კუთხით უკან არ დავიხევთ. ჩვენ უნდა გავანადგუროთ იქ განთავსებული საოკუპაციო დაჯგუფება", - განაცხადა სკიბიცკიმ.
***
5 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".