თათრეთის უზენაესმა სასამართლომ რადიო თავისუფლების ადგილობრივი ბიუროს ჟურნალისტს, ალსუ კურმაშევას 6.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, კურმაშევას რუსული არმიის შესახებ "ყალბი" ამბების გავრცელებას ედავებოდნენ. ინფორმაციას Associated Press-ი სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ალსუ კურმაშევა 1998 წლიდან პრაღაში ცხოვრობს. გასული წლის მაისში ის მშობლიურ თათრეთში, ავადმყოფი დედის მოსანახულებლად ჩავიდა. 2023 წლის ივნისში, როდესაც ჟურნალისტი პრაღაში ბრუნდებოდა, პოლიციამ აეროპორტში დააკავა. მას ჩამოართვეს რუსეთის და ამერიკის პასპორტები (ჟურნალისტს ორივე ქვეყნის მოქალაქეობა აქვს) და მოგვიანებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ოფიციალური განმარტებით, იმის გამო, რომ მეორე მოქალაქეობის არსებობის შესახებ რუსეთს ინფორმაცია არ მიაწოდა. საქმის გამოძიება რამდენიმე თვე გაიწელა. გასული წლის ოქტომბერში, სასამართლომ ჟურნალისტი დამნაშავედ ცნო და 10 000 რუბლით დააჯარიმა.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ - 18 ოქტომბერს, ჟურნალისტი ისევ დააკავეს - ბრალდება "რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინოს უცხოური აგენტების რეესტრში შესატანად საჭირო დოკუმენტები, რომლებიც ჩადენილია იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ინფორმაციის მიზანმიმართულ შეგროვებას სამხედრო სფეროში რუსეთის ტექნიკურ საქმიანობაზე, რომელიც უცხოური წყაროების მიერ მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ".
მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ, ალსუ კურმაშევას წინააღმდეგ საქმე აღძრეს რუსული არმიის შესახებ "ყალბი" ამბების გავრცელებაზე - მტკიცებად აიღეს 2022 წელს გამოქვეყნებული მისი წიგნი "არა ომს. 40 რუსის ისტორია, რომლებიც უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ გამოდიან".
აპრილში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.