logo
ENG



რუსეთში სპექტაკლის გამო რეჟისორსა და დრამატურგს 6-6 წელი მიუსაჯეს

09 ივლ 202409:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/09/cmyukljae1seae3.jpg

რუსეთში რეჟისორს, ჟენია ბერკოვიჩსა და დრამატურგს, სვეტლანა პეტრიიჩუკს "ტერორიზმის გამართლების" საქმეზე 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასჯელს ისინი საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან.

8 ივლისს ბერკოვიჩი და პეტრიიჩუკი სასამართლოზე დასკვნითი სიტყვებით გამოვიდნენ. 13 ივნისიდან სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, ამიტომაც ჟურნალისტებსა და მსმენელებს დარბაზში ყოფნა არ შეეძლოთ.

განაჩენის გამოცხადების დღეს ბრალდებულების მხარდასაჭერად სასამართლოსთან 80-მდე ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის იყო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი.

ჟენია ბერკოვიჩი და სვეტლანა პეტრიიჩუკი 2023 წლის მაისში სპექტაკლ "ფინისტი - მამაცი შავარდნის" გამო დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, სპექტაკლი, რომელშიც მოთხრობილია ორი რუსი ქალის შესახებ, რომლებიც სირიაში საქმროებთან მიემგზავრებიან, ტერორიზმს ამართლებს. გამოძიების დასკვნები ეფუძნება, კერძოდ, "დესტრუქტოლოგიის" შემქმნელი რომან სილანტიევის გამოკვლევას, რომელმაც სპექტაკლში "რადიკალური ფემინიზმის იდეოლოგიის ნიშნები" აღმოაჩინა. მეორე ექსპერტიზა ჩაატარა FSB-ს ექსპერტმა სვეტლანა მოჩალოვამ, რომელმაც სპექტაკლში ტერორიზმის რომანტიზებისა და რუსი კაცების დისკრედიტაციის ნიშნები "იპოვა".

ბრალდების მხარის მთავარი მოწმე ვლადიმირ კარპუკი იყო - ნიჟნი ნოვგოროდის მსახიობი და რეჟისორი, რომელმაც სპექტაკლზე დასმენა დაწერა. საქმეში არის დაშიფრული მოწმე "ნიკიტა", რომელმაც სპექტაკლის ე.წ. სამაგიდო კითხვის ვიდეოჩანაწერი მოიპოვა.

ივნისში მოსამართლემ ბერკოვიჩისა და პეტრიიჩუკის სასამართლო პროცესები დახურა. შედეგად, სასამართლო პროცესებმა, სადაც ადვოკატები ბრალდებულების უდანაშაულობის მტკიცებულებებს წარადგენდნენ, მსმენელებისა და ჟურნალისტების გარეშე ჩაიარა.

2022 წელს აღნიშნულმა სპექტაკლმა რუსული ეროვნული თეატრალური პრემია "ოქროს ნიღაბი" მიიღო.


close დახურვა