logo
ENG



რუსი ოლიგარქი დერიპასკა აცხადებს, რომ 2024 წელს, შესაძლოა, რუსეთს ფინანსები ამოეწუროს

02 მარ 202317:50
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/02/lhjlhff7rnjl8he.png
EPA/DMITRY ASTAKHOV

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, რუსი მილიარდერი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა აცხადებს, რომ რუსეთს შესაძლოა მომავალ წელს ფინანსები ამოეწუროს და დასჭირდება ინვესტიციები, "მეგობარი" ქვეყნებისგან, რათა ქვეყნის ეკონომიკაზე სანქციების გავლენა შეასუსტონ.

"მომავალ წელს უკვე აღარ იქნება ფული. ჩვენ დაგვჭირდება უცხოელი ინვესტორები" - განაცხადა დერიპასკამ ციმბირში გამართულ კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე.

ალუმინის მაგნატის დერიპასკას განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გასული წლის ბოლოს ქვეყანაში რეკორდული ფისკალური დეფიციტი იყო და 2023 წლის დასაწყისში ბიუჯეტი კვლავ დეფიციტშია.

ხელისუფლებამ უკვე იმის დაგეგმვა თუ როგორი მოიზიდოს დამატებითი შემოსავალი მათ შორის ნავთობკომპანიებისთვის გადასახადების წესის შეცვლით და ასევე შესაძლოა ერთჯერადი გადასახადის დაუწესონ სხვა მწარმოებლებს, რათა ბიუჯეტი შეავსონ.

ოლეგ დერიპასკა 2018 წლიდან აშშ-ის სანქცირებულთა სიაშია, ხოლო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ის ევროპის მხრიდან სანქციების ობიექტიც გახდა.

ბიზნესმენმა ასევე განაცხადა, რომ „სახელმწიფოს კაპიტალიზმის“ შენება არაა არჩევანი და ისაუბრა სანქციების სერიოზულ წნეხზე.

"რუსეთმა უნდა განაგრძოს საბაზრო ეკონომიკის განვითარება. უცხოელი ინვესტორი შეხედავს როგორ აკეთებს რუსი ინვესტორი ფულს, რა პირობები არსებობს" - განაცხადა მან.

მისი თქმით, ის ქვეყნები, რომლებსაც „სერიოზული რესურსები აქვთ“ შესაძლოა, რუსეთის პოტენციური პარტნიორები გახდნენ. ხელისუფლებამ კი უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთი იყოს მიმზიდველი ამგვარი ინვესტორებისთვის - უზრუნველყოს ბიზნესის კეთებისთვის უსაფრთხო კლიმატი, რასაც მეტი ეკონომიკური თავისუფლება და კონკურენცია განაპირობებს.

"ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვიყავით ევროპული ქვეყანა. ახლა, მომდევნო 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვიფიქრებთ უფრო მეტს ჩვენს აზიურ წარსულზე" - განაცხადა დერიპასკამ.

მისი თქმით, იმ პირობებშიც კი როცა მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკები "რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანდნენ", რუსეთს კვლავ აქვს წვდომა იმ ბაზრებზე, რომელთა მოსახლეობაც 4.5 მილიარდს აღემატება და გლობალური შიდა პროდუქტის 30 ტრილიონ დოლარს ქმნის.


close დახურვა