logo
ENG



რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ტახტისძირში საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების განთავსება დაიწყეს

18 აპრ 202012:48
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიის პარალელურად, რუსი საოკუპაციო ძალები ისევ გააქტიურდნენ. ისინი გამოჩნდნენ სოფელ ტახტისძირში და „ბორდერიზაციის“ პროცესი დაიწყეს. მათ კონტროლქვეშ მოექცა 15 ჰექტრამდე მიწის ფართობი. ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების განათავსება დაიწყეს.

ადგილობრივი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, ამასთან, ვერ ახერხებენ გადაადგილებას სახნავ-სათეს მიწასთან, რომელიც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და აღნიშნავენ, რომ  ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად შეინიშნებოდნნენ ტერიტორიაზე.

„ბოძები ჩაარჭეს, რომ ეს ადგილი გადაღობენ, 15 ჰექტარია დაკავებული. ომიანობის დროს შემოდიოდნენ და სახლებში გვეჭრებოდნენ“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ქარელის მუნიციპალიტეტის მსგავსად, გორის მუნიციპალიტეტში, ხურვალეთში დათა ვანიშვილის ოჯახის წევრები იძულების წესით წაიყვანეს ცხინვალის მიმართულებით. საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებულ ცხინვალში 15-16 აპრილს გადაიყვანეს. საუბარია დათა ვანიშვილის შვილიშვილსა და რძალზე. ეს ინფორმაცია "ამერიკის ხმის" ქართულმა ბიურომ გაავრცელა.

„ჩემი შვილიშვილი წაიყვანეს ცხინვალში, თავის მეუღლეც წაიყვანეს ტირილით“, - განაცხადა დათა ვანიშვილმა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლების ინფორმაციით, სხვადასხვა სოფელში, რომელიც საოკუპაციო ზოლის გასწვრივ არის,  შეინიშნება რუსი ოკუპანტების გადაადგილება. მოძრაობის წევრები  ხელისუფლებას მეტი აქტიურებისკენ მოუწოდებენ.

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, დიპლომატიური კორპუსი და  ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

 


close დახურვა