საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე გიორგი შაქარაშვილის შესაძლო მკვლელობასა და იუბილარის დადანაშაულებას ეხმაურება.
როგორც რუსუდან გოცირიძე Facebook-ზე წერს, პრობლემა მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევით არ გამჟღავნებულა. მისი აზრით, საზოგადოება ხშირად არასწორ აქცენტს სვამს და, შესაბამისად, არასწორად ადანაშაულებს ადამიანებს.
რუსუდან გოცირიძეს სხვადასხვა მაგალითი მოჰყავს: 2019 წლის დეკემბერში არასრულწლოვნის თვითმკვლელობა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა. მისი განცხადებით, ამ საქმეებს ის აერთიანებს, რომ ქართულმა საზოგადოებამ აქცენტი სხვა საკითხზე გააკეთა და მთავარი გამორჩა. მისი აზრით, მთავარი პრობლემა მენტალიტეტია და არა მოზარდების მიერ სახლის ქირაობა წვეულებისთვის.
„ბავშვმა თავი მოიკლა პოლიციის დაკითხვის მერე და ერთი ბიძგი და გადავერთეთ სკოლის ლანძღვაზე და დაგვავიწყდა დაკითხვაზე ძალადობის ამბავი...
სკოლის ბავშვებმა თავიანთი თანატოლები დაჩეხეს სკოლის ეზოში და იმაზე ვლაპარაკობდით, რომ მამამ, თურმე როგორ აგინა მთავრობას, ვისთან ერთად დადგა პროტესტისას და სრულებით დაგვავიწყდა სკოლის უკანა ეზოდან გამქრალი ფარდული, ვიღაც ბიძების დაკითხულ-დამუშავებული თინეიჯერები....
კაცს შვილი მოუკლეს ლოგინში და იმაზე ავვიშვიშდით, როგორ თქვა მთელი სოფელი თავს ავიფეთქებთ, თუ სიმართლეს ვერ ვიპოვითო...
19 წლის ბიჭი მოკლეს გამოძახებულმა მოძალადეებმა და ჩვენ მოვახერხეთ იუბილარი გველანძღა და დაგვვიწყებოდა, რომ ქურდული გარჩევებია მთავარი სატკივარი და არა დაქირავებული ბინა...
როდესმე ხომ უნდა ვისწავლოთ მთავარის მეორეხარისხოვნისაგან განსხავება? როდესმე ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენი ემოციებით მანიპულირება ჩვენსავე მომავალზე აისახება და გვატრიალებენ როგორც უნდათ...
კაი ბატონო, ვიჩხუბოთ იმაზე, რომ ახალგაზრდებმა უფროსების ზედამხედველობის გარეშე არ უნდა იქეიფონ და ნუ დავინახავთ, რომ უფროსების დატრიალებულია ეს ტრაგედია... იმასღა ველოდები, რომ მთავარი პრობლემა შეიძლება იყო დაბადების დღეზე მოწვეული გოგონების კაბის სიგრძე, ან მუსიკის ტემპი ან ნიგვზიანი ბადრიჯნის გემო", - წერს გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ ოთხდღიანი ძებნის შემდეგ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს.
საქმეზე 17 ადამიანს წარედგინა ბრალი, მათ შორის არიან სპორტსმენები და ერთი არასრულწლოვანი.
შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.