logo
ENG



რუსული კანონის მიღების გამო ლიეტუვამ საქართველოს ელჩი დაიბარა

30 მაი 202412:29
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის მიერ რუსული კანონის დამტკიცების პასუხად, ლიეტუვამ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე დაიბარა.

საგარეოს განცხადების თანახმად, ელჩი უწყებაში ანტიევროპულ და კრემლიდან შთაგონებულ ნაბიჯზე განმარტებისთვის დაიბარეს. საგარეოს თქმით, ელჩს შეხვედრაზე უთხრეს, რომ ვილნიუსი პარტნიორებთან ერთად რუსულ კანონზე საქართველოსთვის საპასუხო ზომებს განიხილავს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე ელჩს ასევე შეახსენეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სრულად:

"29 მაისს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა საქართველოს ელჩი მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო ე.წ. "უცხოური გავლენის" კანონზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოხატა საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე და სხვა ქმედებებზე, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის დაშინებასა და შეზღუდვისკენ. ეს ქმედებები ძირეულად ეწინააღმდეგება ქვეყნის მიერ კონსტიტუციით გაწერილ მისწრაფებებს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციაზე.

ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი წევრობაზე 2023 წლის დეკემბერში მიანიჭა პირობით, რომ ის შეასრულებდა ევროკომისიის 9 რეკომენდაციას. როდესაც პარლამენტმა დაიწყო "უცხოურ გავლენებზე" კანონპროექტის განხილვა, EU-მა ცალსახად გააფრთხილა, რომ რუსული სტილის კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფუნდამენტურ სტანდარტებსა და ფასეულობებს და აფერხებს აუცილებელი რეფორმების განხორციელებას, ევროკომისიის მიერ წარდგენილი 9 რეკომენდაციიდან მინიმუმ 3-ში. ბოლო დროს ქვეყანაში წინ იყო წამოწეული სხვა რიგი საკანონმდებლო ინიციატივებიც, რომლებიც შეუსაბამოა ევროკავშირში ინტეგრაციასთან, ვრცელდებოდა ანტიდასავლური პროპაგანდა, მასობრივი პროტესტებს კი მოჰყვა ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ ძალადობის კამპანია.

ლიეტუვა ღრმად არის შეშფოთებული ამ მოვლენებით და პარტნიორებთან ერთად განიხილავს შესაძლო საპასუხო საქართველოსთვის.

ხაზს ვუსვამთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომელიც ასახავს ქართული საზოგადოების ნებას. ლიეტუვა აგრძელებს ქართული საზოგადოების მისწრაფებების თანმიმდევრულად მხარდაჭერას, რათა დააკავშიროს ქვეყნის მომავალი ევროკავშირთან და NATO-სთან", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა