დღეს, 8 მარტს რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ ქალების მარში იმართება - მარში 10 ქალაქშია დაგეგმილი.
ორგანიზატორების ცნობით, მარში იმართება: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ბოლნისში, გორში, თელავში, ახმეტასა და მარნეულში.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონი აზიანებს საქართველოს მთელ მოსახლეობას და საფრთხეში აგდებს მოქალაქეების უფლებებს.
"სახელმწიფო, რომელიც ისედაც არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და უყურადღებოდ ვყავართ მიტოვებული, ახლა გეგმავს, შემოიჭრას ჩვენს პირად სივრცეში და ტოტალური კონტროლით შეგვიზღუდოს წვდომა საბაზისო უფლებებსა და მხარდაჭერაზე", - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე 9 მარტის ნაცვლად გუშინვე გაიმართა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები, თუმცა შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა და პარლამენტის წინა ტერიტორიაზე გადმოინაცვლეს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.
აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.
პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".