უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, რუსული მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად დღეს 13 ადამიანი დაშავდა.
"ამ დროისთვის გვყავს 13 ადამიანი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის დღევანდელი თავდასხმების შედეგად დაშავდნენ.
და ჩვენ, რა თქმა უნდა, პროკურატურასთან ერთად დავადგენთ იმ დანაკარგებისა და დანაშაულების შესახებ, რაც დღეს მოხდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე," - თქვა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა.
დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 50-ზე მეტი რუსული რაკეტიდან უკრაინელმა დამცველებმა 44 ჩამოაგდეს. ამასთან, საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, დღეს რუსები რაკეტებითა და დრონებით უკრაინის 10 რეგიონს დაესხნენ თავს. თავდასხმების შედეგად 18 ობიექტი დაზიანდა, მათი უმეტესობა კი ენერგეტიკული ობიექტია.