რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად 19 ადამიანი დაშავდა.
"მაშველებმა ნანგრევების გაწმენდა დაასრულეს. სამაშველო სამუშაოების დროს 10 ცხედარი იპოვეს, რის შედეგადაც დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 13-ს მიაღწია, მათ შორის, 3 ბავშვია", - მედიის ცნობით, განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში.
უწყების განცხადებით, სამაშველო სამუშაოების დროს 68 მოქალაქე გადაარჩინეს და ჯამში, 360 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
გუშინ რუსეთში, ქალაქ იეისკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი Су-34 სასწავლო ფრენას ასრულებდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი 2 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. დაზიანდა კორპუსი, ცეცხლი პირველიდან მეხუთე სართულამდე გავრცელდა.