თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია, კარტოგრაფების საქმეზე პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელის დიმიტრი ლორთქიფანიძის ბრალდებას პასუხობს და საქმეში ხელისუფლების მხრიდან პროპუტინური პოლიტიკოსის ჩართვას რუსული ხაზის გაგრძელებას უკავშირებს.
"დიმიტრი ლორთქიფანიძე აგრძელებს ირაკლი ღარიბაშვილის ხაზს. ხაზს, რომელიც მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ", - ამბობს ბასილაია, - "ეს ტყუილი იდენტიფიცირდება იმ მარტივი საშუალებითაც, თუ დავაკვირდებით, ვინ საუბრობს დავით გარეჯთან დაკავშირებით".
ბასილაია ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, დავით ხიდეშელს, საქმის ერთ-ერთი მთავარი კურატორს ირაკლი ღარიბაშვილს და დიმიტრი ლორთქიფანიძეს გულისხმობს. ბასილაია აცხადებს, რომ პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელის ავანსცენაზე გამოყვანამ საბოლოოდ მოახდინა ამ საქმეში რუსული პროპაგანდის ლუსტრაცია.
"ჩავთვალოთ, რომ ეს, იმთავითვე, არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ", - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეორე ადვოკატი შოთა მინდელი, - "ეს არის ჩვეულებრივ გამოგონილი ამბავი".
ლორთქიფანიძის მიერ მოყოლილი ამბის ნამდვილობა არ დაადასტურა მისივე ბრალდების მოწმედ მოყვანილმა ზურაბ ბოჭორიშვილმა, რომელიც 2005 წლამდე მიწათმოქმედების კვლევით საპროექტო ინსტიტუტში მუშაობდა.
"რაებს მაკადრებთ. ჩემს სიცოცხლეში კეზერაშვილს არ შევხვედრივარ. თუ [ლორთქიფანიძე] მაგას ამბობს, შევხვდები და ვეტყვი, რაც ეკადრება, მაგის გულისთვის", - განაცხადა ბოჭორიშვილმა ფორმულასთან.
ლორთქიფანიძემ ბრალდება კარტოგრაფების საქმის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ გაახმაურა, მას შემდეგ, რაც გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების შემდეგ ივერი მელაშვილის წინააღმდეგ პროსახელისუფლებო პროპაგანდა განსაკუთრებით თვალნათელი გახდა. ხელისუფლების ოპონენტებს კი დიმიტრი ლორთქიფანიძის ბრალდებამ გაუმყარა რწმენა, რომ კარტოგრაფების საქმე რუსულ ინტერესებთანაა თანაკვეთაში.
თავად ლორთქიფანიძე პრიმაკოვის ოფისს ხელმძღვანელობს, რომელიც რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი მთავარი აქტორისა და ინსტრუმენტის, "გორჩაკოვის ფონდის მიერაა დაარსებული. "გორჩაკოვის ფონდი" 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.
დაკავებული კარტოგრაფების ერთ-ერთმა ყველაზე ხმამაღალმა პოლიტიკურმა მხარდამჭერმა ელენე ხოშტარიამ რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე 100-მდე სქრინი გამოაქვეყნა, რომელიც სახელისუფლებო ტროლების კოორდინირებულ მოქმედებას ასახავდა ივერი მელაშვილის წინააღმდეგ.
ხოშტარიამ ასევე გამოაქვეყნა ქართული ოცნების აქტივისტთა დახურული ჯგუფის სქრინშოთი, რომელშიც 20 ივნისის აქციების დროს ოპოზიციის წინააღმდეგ პროსახელისუფლებო პროტესტის მთავარი ორგანიზატორი, შაკო ჯუჭაშვილი ჯგუფის წევრებს პარტიულ მესიჯბოქს აცნობდა, რომლითაც მათ სოციალურ ქსელებში ივერი მელაშვილი მოღალატედ უნდა გამოეცხადებინათ.
"მარტივი მესიჯია - ივერი მელაშვილი არის მოღალატე, ივერი მელაშვილი არის არაპროფესიონალი კარტოგრაფი, მელაშვილი არის მტერი! ყველაფერი გმირის გარდა". –წერს კუჭაშვილი პარტაქტივისტების ჯგუფში.
1-ელ თებერვალს მედიის განვითარების ჯგუფმა - მითების დეტექტორმა ივერი მელაშვილის წინააღმდეგ პროსახელისუფლებო ფეისბუქანგარიშების, საჯარო მოხელეებისა და ულტრანაციონალისტური პროსახელისუფლებო ჯგუფების კოორდინირებული კამპანია გამოავლინა.
კვლევის ფარგლებში MDF-მა დაადგინა, რომ ივერი მელაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებული "კლიკბაითების" IP მისამართი რუსეთში იყო დარეგისტრირებული.
გათავისუფლებული კარტოგრაფის წინააღმდეგ ბრალმდებელ განცხადებებს არ მორიდებიან არც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრებმა და პარლამენტის დეპუტატებმა ღიად დასდეს ბრალი მელაშვილს სახელმწიფოს ღალატში.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავა.
გამოძიება კარტოგრაფებს სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.
კარტოგრაფები თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 იანვარს, 20-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.