დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ოთხი დასახლება დაბომბეს.
"რუსებმა "გრადებიდან" და მძიმე არტილერიიდან 10-ჯერ გაისროლეს. მათ მშვიდობიანი ქალაქები და სოფლები დაბომბეს. დაიბომბა ოთხი დასახლება - ნიკოპოლი, მარგანეცი, კრასნოგრიგოროვსკი და პოკროვსკაია. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან", - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინის ცნობით, რუსი სამხედროები დნეპროპეტროვსკის რეგიონს გამუდმებით ბომბავენ, განსაკუთრებით ნიკოპოლსა და კრივოი როგს. რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო დარტყმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კი ნადგურდება.
22 ოქტომბერს, რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, რის შედეგადაც ქალაქში 20-ზე მეტი სახლი და რამდენიმე გაზსადენი დაზიანდა, გაითიშა ელექტროგადამცემი ხაზები, ათასამდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.