logo
ENG



სააგენტო გერმანიაში დასაქმებულებზე: მიღებულია ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისთვის

19 მაი 202110:39
3 წუთის საკითხავი
 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გერმანიაში დასაქმებულ ქართველებთან დაკავშირებით ფორმულას ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება და ამბობს, რომ "ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის". მათი თქმით, ეს ინფორმაცია გერმანიის დასაქმების სააგენტოსგან მიიღეს.

ქართველები ყვებიან, რომ შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს. ისინი ამბობენ, რომ მათი ხელფასი სამჯერ ნაკლებია, კვება პრობლემაა, საცხოვრებელი პირობები კი არასათანადოა.

სააგენტო აცხადებს, რომ "სრულად იზიარებს იმ წუხილს, რომელიც გამოითქვა გერმანიაში ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამგზავრებული ერთი ჯგუფის მხრიდან".

"ისე, როგორც ყველა წამოწყებას, შეთანხმების განხორციელების ამ ეტაპზე არის, როგორც პოზიტიური გამოხმაურებები, ასევე, ცალკეული საკითხები, რომელიც გერმანულ მხარესთან ერთად საჭიროებს გადაჭრას. გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაციის მიღებისთანავე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. თავის მხრივ, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ, პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით და რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე", - ამბობენ სააგენტოში.

მათივე თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან და სამუშაო შეთავაზების პირობებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი დათანხმდა მხოლოდ საქართველოდან ჩასული სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს გადაუხადოს საათობრივი ანაზღაურება. სააგენტოს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მიცემული პირობა არ იქნება დაკმაყოფილებული, ქართული მხარე მოითხოვს ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების გადანაწილებას სხვა დამსაქმებლებთან.

"რაც შეეხება ზოგადად პროგრამას, ვფიქრობ მსგავსი საკითხის ზედმეტად აქტუალიზირება არ ემსახურება ხელშეკრულების იმპლემენტაციის კეთილსინდისიერ ინტერესს და მიზანმიმართულად ახდენს შეთანხმების დისკრედიტაციას. ქართულ მხარეს მსგავსი პრობლემა არ ქონია ამ დრომდე არც ერთ სხვა დამსაქმებლებთან. ცალკეულ შემთხვევებში მსგავსი გამოწვევების დარეგულირება კი მომავალშიც მოხდება პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობით", - მიიჩნევენ სააგენტოში.

დასაქმებულები ამბობენ, რომ დახმარებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიაში საკონსულს ჩასვლისთანავე მიმართეს, თუმცა 10 დღეა, რეაგირება არ მომხდარა.


close დახურვა