logo
ENG



სააკაშვილი: ეროვნული თანხმობის ამოსავალია - ერთმანეთს არ ვანადგურებთ, ვართ კონკურენციაში

13 იან 202214:17
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ეროვნული თანხმობის მთავარი ამოსავალია, რომ არსებობდეს კონკურენცია, თუმცა ერთმანეთი "არ გაანადგურონ". 

"მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იყო ამას წინათ ჩემთან და ვმსჯელობდით, რა არის ჩემთვის ეროვნული თანხმობა. ეს არის წითელი რკალის შემოვლება გარშემო და თქმა: მე არ მიყვარხარ, არ მომწონხარ, არაფერი სურვილი არ მაქვს თვალებში გიყურო და შენთან რამე კონტაქტი მქონდეს, მაგრამ მე შენ არ გაგანადგურებ, მე შენ არ მოგსპობ, მე შენ არ მოგკლავ.

ეს არის თანხმობის მთავარი ამოსავალი, რომ ჩვენ ცივილიზებული ერი თუ გვინდა ვიყოთ, ჩვენ ერთმანეთს არ ვანადგურებთ, ერთმანეთს არ ვკლავთ, ჩვენ ვართ ერთმანეთთან კონკურენციაში. რა თქმა უნდა, მათ იციან, რომ კონკურენციას ვერ გაუძლებენ, ამიტომ მათი ერთადერთი საშუალებაა, რომ ჩვენ გაგვანადგურონ", - თქვა სააკაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო, რის შემდეგადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ეტაპობრივი შეხვედრები გამართა.


close დახურვა