logo
ENG



სააკაშვილი: ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი

13 დეკ 202116:42
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექსპრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას მიესალმება. 

ამასთან, სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდება საზოგადოების ფართო წრეებს, ისევე როგორც პატარა ჯგუფებს და ყველას აზრს მოისმენს. 

"მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მით უმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა "ინკლუზიურ პროცესებზე", ეს პრაქტიკულად განხორციელდება.

ამის პარალელურად საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისთვის და ყველას დაფიქრებისთვის", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

დღეს, ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფორმულასთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება "ინკლუზიური პროცესისა და ეროვნული მასშტაბით საუბრის წამოწყებაზე" შინაარსობრივია და მიმართულია როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებისკენ. 

***

შერიგების შესახებ ლაპარაკი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 2021 წლის 14 ოქტომბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი წერდა, რომ "თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე". 

10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".

ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მზად არის, შეუერთდეს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. მისივე თქმით, ეს გულისხმობს არა პოლიტიკოსების შერიგებას, არამედ თამაშის წესებზე შეთანხმებას, სამართლიანი სასამართლოს შექმნას და არჩევნების ჩატარებას. 

იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, პირველ რიგში, სინანული და მონანიებაა". 

"როცა ენმ იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით". - თქვა კობახიძემ. 

11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში "პრეზიდენტების შეხვედრა" შესთავაზა.

თავის მხრივ, შეხვედრაზე ლაპარაკი 28 ოქტომბერს დაიწყო, როცა შეიქმნა პეტიცია სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის მოთხოვნით, გიორგი მარგველაშვილმა კი თქვა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მზად არის, შეხვდეს როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მიხეილ სააკაშვილსაც. 


close დახურვა